ოთახის მცენარეები შიდა სივრცეში ჰაერის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, ოთახის მცენარეებს დახურულ სივრცეში ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლიათ, კონკრეტულად კი ჰაერიდან აზოტის დიოქსიდის (NO2) შთანთქმის თვალსაზრისით. ეს დამაბინძურებელი ნივთიერება საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება და იწვევს რესპირატორულ დაავადებას.
ქოთნის მცენარეები მარტივად მოსაწყობია, შესაძენად ხელმისაწვდომი და პოტენციურად ჭკვიანური არჩევანი, როდესაც საქმე ეხება სახლებსა და ოფისებში NO2-ის დონის შემცირებას.
მეცნიერებმა ტესტირებისთვის შეარჩიეს ისეთი გავრცელებული მცენარეები, როგორებიც არის სტაფილიუმი (Spathiphyllum wallisii), რომელსაც საქართველოში „ქალთა ბედნიერებასაც უწოდებენ“, სურნელოვანი დრაცენა (Dracaena fragrans) და ზამიოკულკასი (Zamioculcas zamiifolia); ექსპერიმენტებში, ზოგიერთ შემთხვევაში მათ NO2-ის დონე 20 პროცენტამდე შეამცირეს.
„ჩვენ მიერ შერჩეული მცენარეები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ყველა მათგანმა ატმოსფეროდან NO2-ის შთანთქმის საოცრად მსგავსი შესაძლებლობები აჩვენა“, — ამბობს ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტის ქიმიკოსი კრისტიან ფრენი.
კვლევის მიზნით, თითოეული მცენარე სატესტო კამერაში მოათავსეს, სადაც დაახლოებით ერთნაირი იყო NO2-ის დონე, ისეთი, როგორიც გადატვირთული გზის გვერდით მდებარე ოფისებშია. სულ რაღაც ერთ საათში, ყველა მცენარემ დაახლოებით ნახევარი NO2 შთანთქა.
თუ ამ შედეგებს პატარა ოფისზე გადავიტანთ (15 კვადრატული მეტრი), რომელშიც ხუთი მცენარეა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ცუდად განიავებად სივრცეში მათ NO2-ის დაახლოებით 20 პროცენტი უნდა შთანთქან.
მკვლევართა გაანგარიშებით, უფრო დიდ, 100 კვადრატულ მეტრ ოთახში, დამაბინძურებლის მაჩვენებელი მხოლოდ 3,5 პროცენტით უნდა შემცირდეს. თუმცა, ამ მიზნით შესაძლებელია მცენარეების დამატება.
მნიშვნელოვანია, რომ დამაბინძურებლის შემცირება მოხდა როგორც ბნელ, ისე ნათელ გარემოში, როგორც სველი, ისე მშრალი ნიადაგით. წინა ექსპერიმენტებში, რომლებშიც ნახშირორჟანგის (CO2) შთანთქმას იკვლევდნენ, აღნიშნულმა გარემო პირობებმა გავლენა იქონია ჰაერის გაუმჯობესების მაჩვენებელზე.
„ვფიქრობთ, მცენარეები იგივე პროცესს არ იყენებენ, რასაც CO2-ის შთანთქმისას, რა დროსაც ამ აირს ბაგეები შთანთქავენ — ციცქნა ფორები მცენარის ფოთლებზე“, — ამბობს ფრენი.
მისი განცხადებით, ხანგრძლივი ექსპერიმენტების დროსაც კი არ დაფიქსირდა იმის ნიშანი, რომ მცენარეებს NO2 კვლავ უკან, ატმოსფეროში გამოეყოთ; შესაბამისად, ეს სავარაუდოდ ბიოლოგიური პროცესია, რომელშიც ჩართულია მცენარის ნიადაგიც, მაგრამ ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა პროცესი.
ზოგიერთმა წინა კვლევამ უარყო მოსაზრება, რომ ოთახის მცენარეებს სახლში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლიათ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის კვლევები აქროლად ორგანულ ნაერთთა (VOC) დამაბინძურებლებს ეხებოდა და არა აზოტის დიოქსიდის (NO2) დონეს.
რთულია დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, ექნება თუ არა ამ ექსპერიმენტს რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე შედეგი, როგორც ლაბორატორიაში, რადგან ოთახებსა და ოფისებში მუდმივად შედის ახალი ჰაერის ნაკადი (შესაბამისად, ახალი დამაბინძურებლებიც). თუმცა, ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა გათვლები ჩაატარეს უფრო დიდი სივრცეებისა და სხვადასხვა ტიპის ვენტილაციისთვისაც.
შემდეგ კვლევაში შეისწავლიან იმ ზუსტ მექანიზმს, რომლითაც ეს მცენარეები ჰაერიდან NO2-ს შთანთქავენ.
კვლევა Air Quality, Atmosphere and Health-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია birmingham.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.