„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას პირველი არხი 25 თებერვალს, 01:30 საათიდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
მსოფლიო კინოსამყარო „ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება. 152 მეტრის სიგრძის წითელი ხალიჩა დოლბის თეატრის წინ უკვე გაშალეს. გარდა ამისა, თეატრის მთავარი სცენა 40 000 ვარდით გააფორმეს.
აღსანიშნავია, რომ წელს, 30 წლის განმავლობაში პირველად, „ოსკარს“ წამყვანი არ ეყოლება. გამარჯვებულებს ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოაცხადებენ, წამყვანების მონოლოგებს კი მუსიკალური ნომრები და ვიდეორგოლები ჩაანაცვლებს.
ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებას პირდაპირ ეთერში პირველი არხი პირველად უჩვენებს. მაყურებელს „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიის პირდაპირ ეთერში ნახვა 25 თებერვალს, 01:30 საათიდან შეეძლება. განმეორებით კი „ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია 25 თებერვალს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების შემდეგ გავა.
წელს საუკეთესო ფილმის სტატუსისთვის რვა ფილმი იბრძოლებს: „შავი პანტერა“, „ფავორიტი“, „ვარსკვლავის დაბადება“, „მწვანე წიგნი“, „ვიცე“, „ბოჰემური რაფსოდია“, „შავი კუკლუქსკლანელი“ და „რომა“.
საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ:
კრისტიან ბეილი ფილმისთვის – „ვიცე”;
ბრედლი კუპერი ფილმისთვის – „ვარსკვლავის დაბადება“;
უილიამ დეფო ფილმისთვის – „უსასრულობის კარიბჭე“;
რემი მალეკი ფილმისთვის – „ბოჰემური რაფსოდია“;
ვიგო მორტენსენი ფილმისთვის – „მწვანე წიგნი“.
ამავე კატეგორიაში საუკეთესო ქალი მსახიობის სტატუსის მოპოვებას ეცდებიან:
ფელია აპარისიო ფილმისთვის – „რომა“;
გლენ ქლოუზი ფილმისთვის-„ცოლი“;
ოლივია კოულმანი ფილმისთვის – „ფავორიტი“;
ლედი გაგა ფილმისთვის – „ვარსკვლავის დაბადება“;
მელისა მაკარტი ფილმისთვის – „შეგიძლია ოდესმე მაპატიო?“.
რაც შეეხება მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლებს, საუკეთესოს ტიტულისთვის მამაკაცთა შორის იბრძოლებენ:
მაჰერშალა ალი – ფილმისთვის „მწვანე წიგნი“;
ადამ დრაივერი ფილმისთვის – „შავი კუკლუქსკლანელი“;
სემ ელიოტი ფილმისთვის – „ვარსკვლავის დაბადება“;
რიჩარდ გრანტი ფილმისთვის – „შეგიძლია ოდესმე მაპატიო?“;
სემ როქუელი ფილმისთვის – „ვიცე“ იბრძოლებენ.
ამავე კატეგორიაში ქალთა შორის ნომინირებულები არიან:
ემი ადამსი ფილმისთვის – „ვიცე“;
მარინა დე ტავირა ფილმისთვის – „რომა“;
რეჯინა კინგი ფილმისთვის – „ბეილის ქუჩას ლაპარაკი რომ შეეძლოს“;
ემა სთოუნი და რეიჩელ ვაისი ფილმისთვის – „ფავორიტი“.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარდგენილები არიან:
სპაიკ ლი ფილმისთვის – „შავი კუკლუქსკლანელი“,
პაველ პავლიკოვსკი ფილმისთვის – „ცივი ომი“,
იორგოს ლანთიმოსი ფილმისთვის – „ფავორიტი“,
ალფონსო კუარონი ფილმისთვის – „რომა“
ადამ მაკეი ფილმისთვის – „ვიცე“.
„ოსკარის“ ქანდაკება კიდევ 18 ნომინაციაში გაიცემა.
მიმდინარე წელს ყველაზე მეტი 10-10 ნომინაცია წილად ხვდათ ალფონსო კუარონის „რომასა“ და იორგოს ლანთიმოსის „ფავორიტს“.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში ჩატარდება.