ორიონის ნისლეული და მეტეორი ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
ორიონის ნისლეული და მეტეორი ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

ორიონის თანავარსკვლავედი ბევრი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი უბანია ღამის ცაზე. თუმცა, ეს თანავარსკვლავედი ერთ კიდევ უფრო საოცარ ობიექტს მალავს, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ცოტა ძნელად შესამჩნევია.

საუბარია ორიონის ნისლეულზე, რომელიც საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში მოექცა.

ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ნისლეულია ღამის ცაზე. მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 1344 სინათლის წლის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ ეს ნისლეული დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონია. მეცნიერთა შეფასებით, მისი დიამეტრი 24 სინათლის წელიწადია. ორიონის ნისლეულის მასა მზისას 2000-ჯერ აჭარბებს.

ორიონის ნისლეული ერთ-ერთი ყველაზე დეტალურად შესწავლილი და ასტროფოტოგრაფთა საყვარელი ობიექტია ღამის ცაზე. ამ ნისლეულში ბევრად უკეთესად ჩანს თუ როგორ იბადებიან ვარსკვლავები და პლანეტარული სისტემები გაზისა და მტვრის ღრუბლის კოლაფსის შედეგად. ასტრონომები პირდაპირ აკვირდებიან პროტოპლანეტარულ დისკოებს, ყავისფერ ჯუჯებს, გაზის ინტენსიურ და ტურბულენტურ მოძრაობებს ახლოს მდებარე მასიური ვარსკვლავების ფოტო-იონიზაციის ეფექტებს.

ირაკლი გედენიძემ ნისლეულს ფოტო თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაუღო. აღსანიშნავია, რომ გადაღების მომენტში, კადრში შემოიჭრა მეტეორი, რომელიც ფოტოზე ნისლეულის მარცხნივ, ზოლის სახით ჩანს.

მეტეორი კაშკაშა ფენომენია, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდის ან სხვა ციური სხეულის შემოსვლის შედეგად. შემოჭრის შემდეგ, ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებული აირის მოლეკულებთან ხახუნის შედეგად, ასეთი სხეულები ცხელდება და იწვის. ამ მოვლენას ხალხი ვარსკვლავის ჩამოვარდნას უწოდებს. ხანდახან ეს სხეულები ატმოსფეროში სრულად ვერ იწვება და ნამსხვრევების გარკვეული ნაწილი დედამიწაზე ცვივა, რასაც მეტეორიტებს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ 1tv.ge-ზე ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს.