ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს უცნაური სამვარსკვლავიანი სისტემა, რომლის გარშემო პლანეტები ახლა იბადებიან — #1tvმეცნიერება
ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს უცნაური სამვარსკვლავიანი სისტემა, რომლის გარშემო პლანეტები ახლა იბადებიან — #1tvმეცნიერება

ჩვენგან 1300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავური სისტემის ირგვლივ მოძრავი მტვრისა და გაზის ღრუბელი იმდენად უცნაურია, რომ ამ დრომდე ნანახ არც ერთ სხვა პლანეტის წარმომქმნელ დისკოს არ ჰგავს. შედგება სამი ვარსკვლავის გარშემო შემოხვეული სამი რგოლისაგან. სამივე რგოლს სხვადასხვანაირი მიმართულება აქვს და ყველაზე შიდა რგოლი დანარჩენი ორისგან სრულიად სხვა მხარეს არის მიმართული.

ეს გახლავთ პირველი პირდაპირი მტკიცებულება, რომ ასეთი შეუსაბამობა, რასაც „დისკოს გატეხვას“ უწოდებენ, და მოდელირების პროგნოზი ერთმანეთს ასე დაემთხვა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრულმა ტელესკოპმა (ALMA) ამ სისტემაზე ამ დრომდე ყველაზე დეტალური დაკვირვებები აწარმოა, ჯერ უცნობია, ზუსტად როგორ მოხდა იქ დისკოს გატეხვა.

ამ სისტემას GW ორიონისი ეწოდება და მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 1300 სინათლის წლის მანძილზე, ორიონის თანავარსკვლავედის მიმართულებით. შედგება დაახლოებით ერთი ასტრონომიული მანძილის (საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის) ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი ვარსკვლავისგან და მესამე ვარსკვლავისგან, რომელიც ამ წყვილს გარს უვლის განსხვავებული ორიენტაციის ორბიტაზე, რვა ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან.

ამ სამი ვარსკვლავის გარშემო შემოხვეულია გაზისა და მტვრის გიგანტური პროტოპლანეტური ღრუბელი დისკოებით, რომლებიც სისტემის ცენტრიდან 46, 185 და 340 ასტრონომიული ერთეულის მანძილებზეა განლაგებული.

მათგან გარე დისკო უდიდესია, რაც კი ოდესმე გვინახავს პროტოპლანეტურ სისტემებში; შედარებისათვის — პლუტონი მზიდან 39,5 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.

როგორც სახელიც მიუთითებს, პროტოპლანეტური დისკოები არის მასალა, რომლისგანაც ვარსკვლავის გარშემო პლანეტები წარმოიქმნება. პირველ რიგში, საჭიროა ვარსკვლავურ ინკუბატორში დაიბადოს და გაიზარდოს ვარსკვლავი. პროტოვარსკვლავურ ღრუბელში მატერიის კვანძი გრავიტაციულად კოლაფსირდება და ტრიალს იწყებს. შედეგად კი წარმოიქმნება გაზისა და მტვრის გიგანტური დისკო, რომელიც მზარდ ვარსკვლავში ჩაედინება.

როდესაც ფორმაციის ეს პროცესი დასრულდება, დისკოში დარჩენილი მატერია ერთად შეგროვებას იწყებს და თანდათან წარმოიქმნება პლანეტები და სხვა მცირე სხეულები. სწორედ ამიტომ არის, რომ მზის სისტემის მსგავს პლანეტურ სისტემებში პლანეტები და კლოდვან სხეულთა სარტყლები მეტნაკლებად ერთ სიბრტყეზეა განლაგებული და ვარსკვლავს გარს უვლიან ეკვატორის გასწვრივ.

თუმცა, მრავალვარსკვლავიან სისტემებში პლანეტური სიბრტყე ხშირად მისი ვარსკვლავების ორბიტებს აცდენილია. ასეთი აცდენის მიზეზების გარკვევაში შეიძლება დაგვეხმაროს მრავალვარსკვლავიან სისტემათა გარშემო არსებულ პროტოპლანეტურ დისკოთა შესწავლა.

GW ორიონისის პროტოპლანეტურ დისკოში ასეთი უცნაური აცდენა ტელესკოპმა ALMA-მ 2017 წელს აღმოაჩინა.

„გავოცდით, როდესაც აცდენილი შიდა რგოლი ვიხილეთ. თუმცა, ამ დისკოს უცნაურ გამრუდებას ადასტურებს დაგრეხილი მახასიათებელიც, რომელიც ALMA-მ დისკოს გაზში გაზომა“, — ამბობს კანადის ვიქტორიას უნივერსიტეტის ასტრონომი ჯიაკინ ბი.

ახლო დაკვირვებები ჩაატარა ასტრონომთა მეორე ჯგუფმაც, რისთვისაც მათ ALMA და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT) გამოიყენეს.

„ჩვენს ფოტოებში ჩანს შიდა რგოლის ჩრდილო გარე რგოლზე. ამავე დროს, ALMA-მ ჩრდილოს წარმომქმნელი დისკოს ზუსტი ფორმის დადგენის საშუალება მოგვცა. ამ ინფორმაციათა შეჯერებით კი შევქმენით აცდენილი რგოლისა და დეფორმირებული დისკოს სამგანზომილებიანი ორიენტაცია“, — ამბობს გაერთიანებული სამეფოს ექსეტერის უნივერსიტეტის ასტრონომი სტივენ კრაუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აცდენილი ორიენტაცია მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს, საბედნიეროდ, GW ორიონისზე დაკვირვებები 2008 წლიდან მიმდინარეობს და სისტემის მესამე ვარსკვლავი 2011 წელს არის აღმოჩენილი. ამან კი მკვლევრებს რამდენიმე წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები მისცა სისტემის ორბიტების რეკონსტრუქციისთვის.

სისტემის 3D კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, კრაუსმა და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულ სიბრტყეზე განლაგებულ ვარსკვლავთა შეუთავსებად გრავიტაციულ გავლენებს შეეძლო გამოეწვია ე. წ. დისკოს გატეხვა, რასაც GW ორიონისში ვხედავთ.

თუმცა, ბიმ და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ მხოლოდ ვარსკვლავების ორბიტული აბდაუბდის გრავიტაციული ეფექტი რგოლებში შემჩნეული ასეთი შედეგის წარმოქმნისთვის საკმარისი არ არის.

„ჩვენი სიმულაციები აჩვენებს, რომ მხოლოდ სამმაგი ვარსკვლავის გრავიტაციული წევა ვერ ხსნის ასეთ დიდ აცდენას. ვფიქრობთ, ამ დისკოს ასეთ დანაწევრებას კარგად ახსნის პლანეტის არსებობა რგოლებს შორის“, — ამბობს ვიქტორიას უნივერსიტეტის ასტრონომი ნინკე ვან დერ მარელი.

მისივე თქმით, ამ პლანეტამ სავარაუდოდ წარმოქმნა მტვრის ნაპრალი და დისკო ამჟამინდელი შიდა და გარე რგოლების ადგილას გატეხა.

თუ მართლაც ასეა, ეს ამ დრომდე აღმოჩენილი ერთ-ერთი პირველი პლანეტა იქნება, რომელიც სამი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. სისტემაზე დაკვირვებები გრძელდება და ზუსტ პასუხსაც მალე მივიღებთ.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-სა და Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია almaobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.