მეცნიერები გულმოდგინედ ცდილობენ ჩვენი პლანეტის ისტორიის შესწავლას. მძლავრ, განგრძობად ვულკანურ ამოფრქვევებს კლიმატის დიდი ხნით შეცვლა შეუძლია, მზის სიმძლავრის მაჩვენებელმა კი დედამიწის კლიმატი შეიძლება მილიონობით წლის განმავლობაში შეცვალოს.
რაც შეეხება ვარსკვლავთშორის წყალბადის ღრუბლებს? შეუძლია თუ არა გაზისა და მტვრის ამ რეგიონებს დედამიწის კლიმატი ისე შეცვალოს, რომ თავად პლანეტას მათთან შეხება არც ჰქონდეს?
ვარსკვლავთშორისი ღრუბლები სხვადასხვაგვარია. ზოგიერთი დიფუზიურია, ზოგიც გაცილებით მკვრივი. ახალი კვლევის მიხედვით, 2-3 მილიონი წლის წინ, მზის სისტემამ შეიძლება ერთ ასეთ მკვრივ ღრუბელში გაიარა.
ამის ეფექტმა შეიძლება შეცვალა დედამიწის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობა, გავლენა იქონია ღრუბლების წარმოქმნასა და კლიმატზე.
კვლევის ავტორია ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი მერავ ოფერი.
„ჩვენ მიერ მიღებული შედგები ახალ ფანჯარას გვიხსნის დედამიწაზე სიცოცხლისა და ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს ურთიერთობათა კვლევებში“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი ავი ლოები.
მზე ვარსკვლავთშორის სივრცის დიდ სიცარიელეში გადაადგილდება, რომელსაც ადგილობრივ ბუშტს უწოდებენ. ამ ბუშტში, მზის მოქმედება წარმოქმნის ერთგვარ „მუხლუხის პარკს“, რომელსაც ჰელიოსფერო ეწოდება. ის მზის სისტემას კოსმოსური რადიაციისგან იცავს.
ადგილობრივ ბუშტში მზის გარდა სხვა ობიექტებიც არის, მათ შორის სხვა ვარსკვლავები და ადგილობრივი ვარსკვლავთშორის ღრუბელი (LIC). მზე ახლა ამ ღრუბელში გადაადგილდება და მას რამდენიმე ათას წელიწადში დატოვებს. ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი ძლიერ მკვრივი არ არის.
თუმცა, გასული რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, ადგილობრივ ბუშტში გადაადგილებისას მზე გაცილებით უფრო მკვრივ ღრუბლებსაც გადაეყარა. მკვლევრებმა შეისწავლეს, რა ეფექტი უნდა ჰქონოდა ასეთ შეხვედრებს მზის მიერ „პარკის“ გაკეთების უნარზე და რა ეფექტი ექნებოდა ამას დედამიწაზე.
„ვარსკვლავები მოძრაობენ და ეს კვლევა აჩვენებს არა მხოლოდ მათ მოძრაობას, არამედ იმ დრამატულ ცვლილებებსაც, რასაც ისინი გზადაგზა განიცდიან“, — ამბობს ოფერი.
მისი განცხადებით, ვარსკვლავთშორის სივრცეში, რომელშიც მზე ბოლო რამდენიმე მილიონი წელია გადაადგილდება, არის ცივი, კომპაქტური ღრუბლები, რომლებსაც შეიძლება დრამატული გავლენა ჰქონდეთ ჰელიოსფეროზე. მათ შეისწავლეს სცენარი, რომელშიც რამდენიმე მილიონი წლის წინ, მზის სისტემამ გაზის ერთ-ერთ ასეთ ღრუბელში გაიარა.
უმეტესად მზე თხელ ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაადგილდება და მას არანაირი ეფექტი არ აქვს.
„ეს ღრუბლები მზის გარშემო უხვადაა, მაგრამ ისინი საკმაოდ დაბალი სიმკვრივისაა და ჰელიოსფეროზე გავლენა არ აქვთ.
თუმცა, ვარსკვლავთშორისი სივრცის მკვრივი ღრუბლები იმდენად მკვრივია, რომ გავლენას ახდენენ მზის სისტემის დამცავ ჰელიოსფეროზე.
„მზის სისტემის გარშემო არსებულ ვარსკვლავთშორის სივრცეში რამდენიმე ვარსკვლავი და მკვრივი, ცივი ღრუბელია, რომლებსაც ცივ ღრუბელთა ადგილობრივ ლენტს უწოდებენ“, — წერენ მკვლევრები.
ამ ლენტის ერთ-ერთ ღრუბელს ლომის ადგილობრივ ცივ ღრუბელს (LLCC) უწოდებენ. ის ამ ლენტში ერთ-ერთი უდიდესი ღრუბელია და მას ასტრონომები აქტიურად სწავლობენ. იციან მისი სიმკვრივე და ტემპერატურა. ლენტის სხვა ღრუბლებს მკვლევრები დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ისინიც ასეთივეა.
კვლევის ავტორთა განცხადებით, არსებობს დაახლოებით 1,3-პროცენტიანი შანსი იმისა, რომ მზემ ლომის ადგილობრივი ცივი ღრუბლის კუდში გაიარა.
„ამ მონაკვეთს ფოცხვერის ადგილობრივი ცივი ღრუბლები (LxCCs) ვუწოდეთ. მათზე მოდის მთლიანი ღრუბლის მასის თითქმის ნახევარი და უფრო მეტად მკვრივია, ვიდრე გაცილებით უკეთესად შესწავლილი ლომის ადგილობრივი ცივი ღრუბელი“, — წერენ მკვლევრები.
არსებობს კითხვები, თუ როგორი იყო ეს ღრუბლები წარსულში.
მკვლევართა განცხადებით, ეს ღრუბლები ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებული ანომალიური და აუხსნელი სტრუქტურებია, მათი წარმომავლობა და ფიზიკა კარგად შესწავლილი არ არის. კვლევა ეფუძნება ვარაუდს, რომ მზის სისტემასთან სავარაუდო შეხვედრის შემდეგ, ბოლო ორი მილიონი წლის განმავლობაში არ შეცვლილა მათი მდგრადობა.
ჰელიოსფეროზე და შემდეგ ჩვენს პლანეტაზე ამ მკვრივი ღრუბლების გავლენის შესასწავლად, მკვლევრებმა სიმულაციები გამოიყენეს. მათი თქმით, ამ ღრუბლის წყალბადის სიმკვრივე მზეს აწვებოდა და ჰელიოსფერო მნიშვნელოვნად შეამცირა, დაახლოებით იმ ზომამდე ან უფრო პატარაზე, როგორიც დედამიწის ორბიტაა მზის გარშემო.
შედეგად, მზეს კონტაქტი ჰქონდა მკვრივ, ცივ ვარსკვლავთშორის ღრუბელთან. ასეთ მოვლენას კი შეიძლება დრამატული გავლენა ჰქონდეს დედამიწის კლიმატზე.
ასეთ შეხვედრას მხარს უჭერს დედამიწაზე არსებული რადიოიზოტოპი 60Fe. ის ძირითადად სუპერნოვებში წარმოიქმნება და მისი ნახევარდაშლის პერიოდი 2,6 მილიონი წელია.
წინა კვლევები 60Fe-ს სუპერნოვას აფეთქებასთან აკავშირებს, საიდანაც ის მტვრის ღრუბლებში მოხვდა და შემდეგ კი დედამიწაზე. ის ასვე გვხვდება მთვარეზე. იმავე პერიოდში მოხვდა ასევე სუპერნოვაში წარმოქმნილი იზოტოპი 244Pu-ც.
მართალია, ბევრი გაურკვევლობაა, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ დედამიწაზე 60Fe-ის მოხვდა თანხვედრაშია მზის სისტემის ჰიპოთეზურ გავლასთან მკვრივ, ცივ ღრუბელში, რომელმაც დამცავი ჰელიოსფერო შეკუმშა და ამ იზოტოპებს დედამიწაზე მოხვედრის საშუალება მისცა.
„ჩვენ მიერ შემოთავაზებული სცენარი ეთანხმება 60Fe-ს და 244Pu-ს გეოლოგიურ მტკიცებულებებს, რომელთა თანახმადაც, დედამიწა ამ პერიოდში პირდაპირ კონტაქტში იყო ვარსკვლავთშორის სივრცესთან“, — წერენ მკვლევრები.
თუმცა, თუ ეს იზოტოპები აქ სუპერნოვას აფეთქების შედეგად მოხვდა, ის საკმაოდ ახლოს უნდა ყოფილიყო, რასაც სხვა მტკიცებულებები უარყოფს.
„ახლომახლოს სუპერნოვას აფეთქების სცენარი ეწინააღმდეგება ადგილობრივი ბუშტის წარმოქმნის ახალ მოდელს. ეს სცენარი არ მოითხოვს მტვრის ნაწილაკების მიერ 60Fe-ს და 244Pu-ს შთანთქმას, რაც შემდეგ კონკრეტულად დედამიწაზე მოხვდა, როგორც ეს ახლომახლოს სუპერნოვას აფეთქების სცენარის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო“, — წერენ მკვლევრები.
მთავარი კითხვა ის არის, რა გავლენა ჰქონდა ამ ღრუბელში მზის სისტემის გავლას დედამიწაზე.
შედეგების სიღრმისეული კვლევა ამ კვლევის მასშტაბებს მიღმაა. ჯგუფი ზოგიერთ შედეგს ასახელებს, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ამ საკითხზე ჯერ ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული.
„ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ასეთ მაღალ სიმკვრივეს ატმოსფეროს შუა ნაწილში (50-100 კმ) ოზონის მოცილება უნდა გამოეწვია, რასაც უნდა მოჰყოლოდა დედამიწის თანდათანობით გაციება“, — წერენ მკვლევრები.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ასეთ გაციებას წვლილი უნდა შეეტანა ჩვენი სახეობის აღორძინებაში.
„ჰიპოთეზის თანახმად, ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის გამოჩენა განაპირობა კლიმატის ცვლილებასთან შეგუების აუცილებლობამ. ჰელიოსფეროს შემცირების შედეგად, დედამიწა პირდაპირ ვარსკვლავთშორისი ღრუბლის ზემოქმედების ქვეშ იყო“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
და ბოლოს, მკვლევრები შეგვახსენებენ, რომ ასეთი მოვლენის კვლავ განმეორების შანსი დაბალია, მაგრამ არა ნული.
„ჩვენი კოსმოსური სამეზობლო, მზის სისტემის მიღმა სივრცე, იშვიათად ახდენს გავლენას დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე. ამაღელვებელია იმის აღმოჩენა, რომ რამდენიმე მილიონი წლის წინ მზის სისტემის გავლამ მკვრივ ღრუბელში, დედამიწა კოსმოსური სხივებისა და წყალბადის ატომების დიდი შემოდინების ქვეშ მოაქცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კვლევა მომავალში ამ მიმართულებით სხვა კვლევების შთამაგონებელი გახდება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ავი ლოები.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.