ორეგონის შტატში აუცრელ ბავშვებს სკოლაში სიარული აეკრძალათ
ორეგონის შტატში აუცრელ ბავშვებს სკოლაში სიარული აეკრძალათ

21 თებერვლის შემდეგ, აშშ-ის ორეგონის შტატში აუცრელ ბავშვებს სკოლებში სიარული აეკრძალათ.

ორი კვირით ადრე, შტატის ჯანდაცვის უწყებამ ყველა მშობელს სახლებში დაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, მათ ბავშვებს სკოლაში სიარული აეკრძალებოდათ, თუკი არ ექნებოდათ ჩატარებული ვაქცინაცია ყივანახველაზე, პოლიომიელიტზე, ჩუტყვავილასა და წითელაზე.

წლევანდელი მონაცემები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ 2017 წელს, დაიგზავნა თითქმის 30 000 წერილი, 4000 ბავშვს კი სკოლაში სიარული აეკრძალა. ადგილობრივ გაზეთ The Oregonian-ის ცნობით, ორეგონი აშშ-ში ვაქცინებისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი შტატია.

აღსანიშნავია, რომ არსებობს გარკვეული გამონაკლისები იმ ბავშვებისთვის, რომელთა ვაქცინაციას ხელს უშლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამონაკლისს მიეკუთვნებიან ის ბავშვებიც, რომელთა მშობლებიც იმუნიზაციაზე უარს ამბობენ რელიგიური, ფილოსოფიური ან გარკვეული პირადი მიზეზებით.

ზოგიერთ მშობელს სჯერა, რომ ადრეულ ასაკში ჩატარებული ბევრი აცრა აზიანებს ჩვილის იმუნურ სისტემას.

ასეთ მშობლებს მოეთხოვებათ ვაქცინაციის შესახებ ონლაინ-კურსის გავლა ან ექიმის ხელმოწერა გამონაკლისთა სიაში შეტანის შესახებ.

Newsweek-ის ცნობით, ორეგონის შტატში იმუნიზაციის მაჩვენებელი ზომიერია. 2016 წლის მონაცემებით, აცრები ჩატარებული ჰქონდა 2 წლამდე ბავშვების 66%-ს. თითქმის ყველა მოზარდს ჰქონდა მიღებული ვაქცინა Tdap-ი, რომელიც კეთდება ყივანახველაზე, ტეტანუსზე, დიფტერიასა და სხვა ინფექციურ დაავადებებზე.

ბავშვების თითქმის ნახევარი აცრილი იყო ვირუსზე, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.

მიუხედავად ამისა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შტატში ფიქსირდება 13 000-მდე მოსწავლე, რომლებიც სწავლობენ ისეთ საჯარო სკოლებში, სადაც ძალიან დაბალია ე. წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი — ანუ გარემოება, როდესაც ადამიანს ჩატარებული არ აქვს ვაქცინაცია, მაგრამ ის მაინც დაცულია დაავადებებისაგან, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმუნიზებულია.

მყარი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის 93% აცრილი იყოს.

გაზეთ The Oregonian-ის ცნობით, შტატის საჯარო სკოლების 65%-ს საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ გააჩნია.

შტატის ჯანდაცვის უწყებას განსაკუთრებით აწუხებს ერთი კონკრეტული დაავადება: წითელა. 2000 წელს, აშშ-მა წითელა ქვეყანაში ამოძირკვულად გამოაცხადა. თუმცა, შეშფოთების საგანია ფსევდომეცნიერებაზე დაყრდნობით ბოლო დროს გავრცელებული ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს. გარდა ამისა, წითელას ინფექციის რისკებს ზრდის მოგზაურობის გაზრდილი მაჩვენებელიც ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადებაა გავრცელებული.

2015 წელს, აშშ-ის შვიდ შტატში, მათ შორის ორეგონში, 150 მოქალაქეს წითელას დიაგნოზი დაუსვეს.

მიუხედავად ვაქცინაციის ირგვლივ აგორებული დაპირისპირებისა, როგორც პედიატრიის დოქტორმა კალკანომ გამოცემა OregonLive-ს განუცხადა, „მშობლები, რომლებიც შვილებს ვაქცინაციას არ უტარებენ, კარს უხსნიან ყივანახველას, მენინგიტს, პნევმონიას და სხვა მრავალ დაავადებას“.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით