ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
22 ნომრისგან შემდგარი საღამოს ორგანიზების იდეა ბიძინა კვერნაძის მოსწავლეს, პიანისტ ნიკა ნიკვაშვილს ეკუთვნის. საიუბილეო კონცერტი გოჩა კაპანაძის რეჟისორობითა და კახი სოლომონიშვილის დირიჟორობით ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა, დირიჟორებმა და მომღერლებმა, ნანი ბრეგვაძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ, ეკა მამალაძემ და სხვა შემსრულებლებმა.
ბიძინა კვერნაძეს საზოგადოება როგორც ქართული ოპერის, კინოსა და თეატრის ყველაზე საუკეთესო მელოდიების ავტორს იცნობს.
კომპოზიტორს მუსიკა 30-ზე მეტი ფილმისთვის აქვს შექმნილი, მათ შორის არის „დათა თუთაშხია“, „უდიპლომო სასიძო“, „ნატვრის ხე“ და „თეთრი ბაირაღები“. მისი გამორჩეული შემოქმედების ნაწილია სპექტაკლებისთვის „ჭინჭრაქა“, „ყვარყვარე თუთაბერი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და „მე ვხედავ მზეს“ შექმნილი მელოდიები.
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელია.