ოპერისა და ბალეტის თეატრში კანდი მერლანის საიუბილეო საღამო გაიმართა
ოპერისა და ბალეტის თეატრში კანდი მერლანის საიუბილეო საღამო გაიმართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კანდი მერლანის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამომ ანშლაგით ჩაიარა.

სვანური საცეკვაო ილეთების უბადლო შემსრულებელმა ოპერის სცენაზე რამდენიმე ნომერი კვლავ შეასრულა. სვანებმა კანდი მერლანს საჩუქრად მახშვის საკარცხლული ოპერის სცენაზე გადასცეს.

„ბატონ კანდის საქართველოს ყველა კუთხემ, მათ შორის აფხაზეთმა მიულოცა ეს დიდი დღე და ჩვენ, ახალგაზრდა თაობებს, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მისთვის და მისი თაობისთვის, ანზორ ერქომაიშვილის, ისლამ ფილფანის, რომლებმაც უკვე დაგვტოვეს და სხვა ღვაწლმოსილი ფოლკლორისტების თაობისთვის გვეთქვა – დიდი მადლობა. რომ არა ისინი, დღეს ეს დიდი კულტურული მემკვიდრეობა, როგორიც არის ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა, ავთენტური ფორმით არ იქნებოდა შენარჩუნებული“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრი კონცერტს შვილთან და მეუღლესთან ერთად დაესწრო.

კანდი მერლანის 80 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეა გიორგი დონაძეს ეკუთვნის. საღამო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა კონცერტის განსაკუთრებულ ფორმატზე ისაუბრა.

„დღეს არის მართლა საოცარი საღამო, საინტერესო ფორმატით. შესრულდა საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა. მთელი საქართველო ულოცავს კანდი მერლანს 80 წლის იუბილეს. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ქართულ ფოლკლორს, ქართულ სიმღერას, ცეკვას. მთელი ცხოვრება თავდახრილად, თავმდაბლობით ემსახურება ქართულ ფოლკლორს, თავის გამოჩენა მას არ უყვარდა. მისმა ანსამბლმა „რიჰომ“, ისლამ ფილფანთან ერთად, ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ ადამიანს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ და უნდა მივაქციოთ კიდევ. ფაქტი, რომ ოპერაში ჩატარდა ღონისძიება, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო ზუსტად ასეთ ადამიანებზე ზრუნავს. აუცილებელია, ასეთი ხალხი წარმოვაჩინოთ, როგორიც უნდა იყოს ჩვენი მომავალი თაობა“, – განაცხადა გიორგი დონაძემ.