ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი, 168-ე სეზონის პირველი საბალეტო სპექტაკლები 28-29 სექტემბერს გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი, 168-ე სეზონის პირველი საბალეტო სპექტაკლები 28 და 29 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ახალ სეზონზე პირველ საბალეტო სპექტაკლად „დონ კიხოტი“ შეირჩა. ბალეტი სამ მოქმედებად იქნება წარმოდგენილი, ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა, დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „დონ კიხოტი“ პირველად ვახტანგ ჭაბუკიანმა 1932 წელს დადგა. იგი თბილისში საგასტროლოდ იყო ჩამოსული და სულ რამდენიმე დღეში მოუხდა სპექტაკლის მომზადება. ბაზილის პარტიას თავად ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა, ხოლო ჩელიტას – ლენინგრადელი ახალგაზრდა ბალერინა ტატიანა ვეჩესლოვა. დაგეგმილი ორი სპექტაკლის ნაცვლად, 20 დღის განმავლობაში ბალეტი ათჯერ წარადგინეს.
ლენინგრადიდან თბილისში დაბრუნებულმა ვახტანგ ჭაბუკიანმა 1943 წლის 22 აპრილს „დონ კიხოტის“ ახალი, ორიგინალური ვერსია დადგა. 1963 წელს კი, კვლავ განაახლა ბალეტი და აღნიშნული რედაქცია 2005 წლამდე იყო თბილისის ოპერის თეატრის რეპერტუარში. 2005 წლის 6 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა „დონ კიხოტის“ ახალი რედაქციის პრემიერა, რომელიც ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით.