ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე ოთხი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი
მაკედონიის ქალაქი ბიტოლა 14 – 21 სექტემბერს ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალს „მანაკი ბრაზერს“ (MANAKI BROTHERS) უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე, რომლის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა, ოთხი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი: რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“, მარიამ ხაჭვანის „დედე“ და ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“.
„მანაკი ბრაზერს“ (MANAKI BROTHERS) კინოოპერატორთა ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალია, რომელიც მაკედონიის კინოპროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით 1979 წელს დაარსდა. იგი ცნობილი ოპერატორი ძმების იანაკი და მილტონ მანაკების სახელს ატარებს.
ფესტივალის ჯილდო „კამერა 300“ არაერთი წარმატებული კინემატოგრაფისტისთვის გადაუციათ. მათ შორის არიან მსახიობები: დერილ ჰანა, კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და ჟულიეტ ბინოში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს „კამერა 300“-ის მფლობელი ქართველი ოპერატორი მინდია ესაძე გახდა მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „დინოლა“.