გაგა ჩხაიძე აცხადებს, რომ ეროვნული კინოცენტრის დირექტორობიდან კინოცენტრის სახელით გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს
გაგა ჩხაიძე აცხადებს, რომ ეროვნული კინოცენტრის დირექტორობიდან კინოცენტრის სახელით გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს

ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ დაკავებული პოზიციიდან მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება, შესაძლოა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან იყოს კავშირში. ამის შესახებ გაგა ჩხეიძემ, „ღია საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კინოცენტრის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. მის ინტერესებს ISFED-ისა და „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტები დაიცავენ.

„ალბათ, ბოლო ერთ თვესაც ვიმუშავებდი, რომ არა პოლიტიკური განცხადება, რომელიც მე გავაკეთე კინოცენტრის სახელით უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეროვნულ კინოცენტრს აქვს ურთიერთობა მოსკოვის სახელმწიფო არქივთან, რომელსაც პერიოდულად ვურიცხავთ გარკვეულ თანხებს, რათა მათ დაამზადონ ქართული ფილმების ასლები, ეს არის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჩვენ ჩამოგვაქვს ქართული ფილმები და შემდეგ ხდება მათი დიგიტალიზაცია საქართველოში, ერთ-ერთი კონტრაქტი გაფორმდა საკმაოდ დიდ თანხაზე – ეს არის 480 ათასი ლარი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე, როდესაც საშინელებებს ჩადის პუტინის ხელისუფლება უკრაინაში შეუძლებელია, რომ ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუციამ გადარიცხოს თანხა, რომელიც ხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას, რახან კინოცენტრი აფორმებს ამ ხელშეკრულებას ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს, რომ ეს ხელშეკრულება შეჩერებული ყოფილიყო და ომის დასრულების შემდეგ გაგრძელებულიყო. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჩემი გათავისუფლების. ფაქტობრივად, გამოვთქვით პოზიცია, რომელიც სამინისტროს პოზიციას არ ემთხვეოდა. უცებ მოვიდნენ ჩემთან აუდიტის თანამშრომლები, მომიტანეს განცხადება. აუდიტის დასკვნას შვიდი თვე ინახავდნენ და უნდა ითქვას, არსებობს ეჭვი, რომ აუდიტის დასკვნაში რამდენიმე წინადადება ჩამატებულია მოგვიანებით, მარტში ვგებულობთ, რომ თურმე სისხლის სამართლის დანაშაულზეა რამდენიმე შემთხვევაში საუბარი. მე ვფიქრობ, ეს ჩანაწერი გაჩნდა მოგვიანებით. ფონტის სიდიდითაც განსხვავდება ეს ჩართული წინადადებები“, – განაცხადა გაგა ჩხეიძემ.