ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს მეთხუთმეტედ გაიმართება
ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს მეთხუთმეტედ გაიმართება

XV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია ექვსი კონცერტი ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. ფესტივალის საბაზო ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები“. ფესტივალის პარტნიორია ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

ფესტივალი 22 აგვისტოს ბორჯმში გალაკონცერტით გაიხსნება, 24 და 25 აგვისტოს კონცერტები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალის შემდეგი სამი კონცერტი სექტემბერში თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგება.

ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაემთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლეებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის. გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტატისა და მიუნხენის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

„ღამის სერენადების“ მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის და გერმანიის საელჩოები საქართველოში.