მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუმინეთში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუმინეთში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუმინეთში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. მესხეთის თეატრი მაყურებლის წინაშე 7 ივნისს წარდგება სპექტაკლით: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლის რეჟისორია რადუ გილასია, პიესის ავტორი – დიმიტრი დინევი. მათივე ცნობით, სპექტაკლში მონაწილეობენ: ლექსო ჩემია, ანი ხუბუტია, მალხაზ შაყულაშვილი. მხატვრები: კატარინ ტერზიუ, ლელა ფერაძე, ნანა ყორანაშვილი.

ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რუმინეთის ამავე სახელწოდების ქალაქში წელს მერვედ იმართება. მონაწილეობენ თეატრები რუმინეთიდან, იაპონიიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და პოლონეთიდან. გამოვლინდებიან გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში. მათ შორის დასახელდება: საუკეთესო სპექტაკლი; საუკეთესო რეჟისორი; საუკეთესო სცენოგრაფი; საუკეთესო კაცი მსახიობი; საუკეთესო ქალი მსახიობი.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ცნობით, ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვანთათვის სივრცის გახსნა, დრამატული შემოქმედების მხარდაჭერა, ასპარეზის მიცემა რუმინული და უცხოური თეატრებისთვის, ასევე, რუმინელ და  უცხოელ მსახიობებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური იდეების წახალისება.

რუმინეთში, ქალაქ ორადიაში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს პირველ ივნისს გაიხსნა და 11 ივნისს დაიხურება. ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პირველად 2013 წელს ჩატარდა.