გარდაიცვალა კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი
გარდაიცვალა კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი

გარდაიცვალა კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

არჩილ შუბაშვილი მრავალი წლის მანძილზე ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი იყო, ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, მისი წერილები იბეჭდებოდა არაერთ გამოცემაში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი.

არჩილ შუბაშვილის ორგანიზებით, სხვადასხვა წლებში ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთსა და დანიაში, მისი თანაავტორობით გამოიცა „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია“, მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კონსულტანტად და სცენარისტად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი შემოინახავს მის საავტორო სიუჟეტებს, გადაცემებსა და დოკუმენტურ ფილმებს.

შუბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. დილის გადაცემისთვის ამზადებდა სიუჟეტებს მსოფლიო კინოზე. შემდეგ მუშაობდა დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სცენარისტად. ბოლო დრომდე აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.

არჩილ შუბაშვილი, როგორც სცენარის ავტორი, მუშაობდა ფილმებზე – „დახშული სივრცე“, „სტალინიანა“, „გენერალი მაღლაკელიძე“, „დაკარგული ქართველი ქალი“, „მე, შალვა ნუცუბიძე“, „ივანე ბერიტაშვილი“, „პირველი რექტორი“, „კორნელი კეკელიძე“, „ანდრია რაზმაძე“.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს არჩილ შუბაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს არჩილ შუბაშვილის ოჯახსა და ახლობლებს.