„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ადასტურებს, რომ რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბახმუტის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის ცენტრში წინ მიწევენ და ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. ამგვარად, ინსტიტუტის ანალიტიკოსები ადასტურებენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვის შესახებ.
ამასთან, პრიგოჟინი აღიარებს, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ძალები რჩებიან.
„ომის შესწავლის ინსტიტუტში“ ვარაუდობენ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები გააგრძელებენ ბახმუტის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლის გამყარებისა და ქალაქის დასავლეთით სვლის მცდელობებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელი სერგეი ჩერევატი ამბობს, რომ რუსეთის ძალები ბახმუტის დაკავებისგან შორს არიან. მისი ცნობით, ბახმუტის ადმინისტრაციული შენობის გარშემო ბრძოლებია.
უკრაინის გენშტაბის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალაქ ბახმუტისთვის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გუშინ განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსული დროშა აღიმართა და ბახმუტის ცენტრს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ბახმუტის ცენტრში „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფის შესვლას ოფიციალური კიევი არ ადასტურებს.