„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, „ბე-ემ-ვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს დღეს სასამართლოში გამოკითხავენ
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, „ბე-ემ-ვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს დღეს სასამართლოში გამოკითხავენ

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, „ბე-ემ-ვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიების ფარგლებში დღეს სასამართლოში გამოიკითხება.

„ომეგა ჯგუფის“ ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საქმის გარშემო დღესვე შესაძლოა, კიდევ ერთი დირექტორის, დავით ფანქველაშვილის გამოკითხვაც მოხდეს. როგორც ადვოკატი ამბობს, თუ პროკურატურას პოლიტიკური ნება ექნება, თითქმის ყველა გამოკითხული მოწმის საფუძველზე უკვე შესაძლებელია კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვეთა.

„არსებობს დადებითი მოლოდინი, რომ დღის განმავლობაში შესაძლოა, მეორე მოწმის, დავით ფანქველაშვილის გამოკითხვაც მოხდეს. ამ ეტაპზე ყველა მოწმე გამოცხადდა და პრაქტიკულად ექვსივე მოწმეს სასამართლოსთვის მიცემული აქვს ინფორმაცია. ექვსივე გამოკითხული პირდაპირ მოწმეებს წარმოადგენენ, რომლებითაც შესაძლებელია დანაშაულის შემადგენლობის გამოკვეთა. ასევე გამოძიებისთვის გადაგზავნილია კონკრეტული მტკიცებულებები და ის ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, რაც ჯამში ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძველს“, – განაცხადა ადვოკატმა.

„ბე-ემ-ვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა მან გამოკითხვა სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. ხაჩიშვილის განცხადებით, ის უშუალოდ „თი-ბი-სი ბანკიდან თანხის გატანისას ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ბანკში თანხის გატანას სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა.

ალექსანდრე ხაჩიშვილის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე დაიწყება.