„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „ბეემვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „ბეემვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „ბეემვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში ხაჩიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძების ფარგლებში დაიბარეს.

ხაჩიშვილის განცხადებით, ის უშუალოდ ესწრებოდა „თიბისის ბანკიდან“ თანხის გატანის ეპიზოდს. მისი თქმით, ბანკში თანხის გატანას სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა.

„ეს მოვლენები ძირითადად განვითარდა „თიბისი ბანკში“. ყველაფერს ვესწრებოდი, ზარები ვიცი რომ იყო, თუმცა ვისთან, ეს არ ვიცი. ბანკში ვიყავი თანამშრომლებთან ერთად, იქ იყო ლევან ყიფიანიც. მანქანაში თანხის ჩადების შესახებ ლევან ყიფიანმა მითხრა – მანქანა არ მეცნოო. მანქანაში და ირგვლივ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული ადამიანები იყვნენ. ვიცოდი, რომ ეს ფული ჩვენ მშენებლობებზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ როცა გამოვედი გარეთ, სიტუაცია სხვანაირი დამხვდა. იარაღს როცა დაინახავ, უკვე დემონსტრირებაა, რომ შეგეშინდეს. მანქანის მარკა არ მახსოვს, მაგრამ იყო ჯიპი. ვერ გეტყვით, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია ყიფიანს, მაგრამ ხშირად რეკავდა“, – განაცხადა ხაჩიშვილმა.

ხაჩიშვილი პროკურატურაში „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატთან, გიორგი ფანცულაიასთან ერთად მივიდა.

„დღეს ორი მოწმე გამოიკითხება. 15:00 საათზე მოვა კიდევ ერთი მოწმე. ამით უკვე ფაქტობრივად ექვსი მოწმე იქნება გამოკითხული, რომლებიც პირდაპირ დაადასტურებენ იმ უკანონობას, რაც ხორციელდებოდა „ომეგა ჯგუფზე“ და ტელეკომპანია „იბერიაზე“. ეს ორი ადამიანი, რომელიც დღეს გამოიკითხება, გამოძიებას მიაწოდებენ სრულ ინფორმაციას. ისინი ისაუბრებენ „თიბისის ბანკში“ მომხდარ ამბავზე, რასაც შეესწრნენ და მიაწოდებენ ინფორმაციას, როგორ უკანონოდ მოხდა 1 მილიონ 800 ათასი დოლარის გატანა“, – განაცხადა ფანცულაიამ.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.