„ომეგა ჯგუფი“ იუსტიციის სამინისტროს პასუხობს
„ომეგა ჯგუფი“ იუსტიციის სამინისტროს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხობს. კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ვეხმიანებით იუსტიციის სამინისტროს მიერ 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებას.

განვმარტავთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე საგანგებო არბიტრაჟის დროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პოზიცია იყო, რომ ბრიტანეთისა და საქართველოს საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით დავის განხილვის ექსკლუზიური იურისდიქცია გააჩნია საინვესტიციო დავების საერთაშორისო ცენტრს და არა სტოკჰოლმის არბიტრაჟს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეს პოზიცია საფუძველშივე უარყო როგორც პირველმა, ასევე მეორე საგანგებო არბიტრმა.

ამგვარად, მიუხედავად პირველი და მეორე არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განსხვავებული სარეზოლუციო ნაწილისა, ორივე საგანგებო არბიტრმა დაუსაბუთებლად მიიჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროტესტი იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა კიდევ მეტად აძლიერებს ზაზა ოქუაშვილის პოზიციებს ძირითად ტრიბუნალში.

მეორე საგანგებო არბიტრის შეხედულებით, პირველი საგანგებო არბიტრის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მხარეს აღარ განუხორციელებია იმგვარი ქმედება, რაც ზაზა ოქუაშვილის ინვესტიციებს საფრთხეს შეუქმნიდა. სწორედ ამის გამო, მეორე საგანგებო არბიტრმა ვერ დაინახა საქართველოსთვის დაწესებული აკრძალვის დამატებით გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა.

საგანგებო არბიტრის 19 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ გამაფრთხილებელ სიგნალს საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს მხარე კვლავ განახორციელებს ზაზა ოქუაშვილის ინვესტიციების ხელყოფისაკენ მიმართულ საფრთხის შემცველ ქმედებებს, სათანადო იურისდიქციისა და კომპეტენციის მქონე სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერ დროს დაუწესოს საქართველოს მხარეს აკრძალვა და კვლავ დაიცვას ზაზა ოქუაშვილის ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფისაგან“, – აცხადებენ „ომეგა ჯგუფში“.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილის მოთხოვნა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.