ფადი ასლი - თუ არ შეწყდება ზეწოლა „თიბისისა“ და „ომეგა ჯგუფზე“, სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტებს გავაფრთხილებთ
ფადი ასლი - თუ არ შეწყდება ზეწოლა „თიბისისა“ და „ომეგა ჯგუფზე“, სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტებს გავაფრთხილებთ

თუ არ შეწყდება ზეწოლა „თიბისისა“ და „ომეგა ჯგუფზე“, სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტებს გავაფრთხილებთ, ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ღია წერილში წერს, რომლის ადრესატი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა.

„თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის, „თიბისის“ მიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება; თუ ჩვენს წევრს, „ომეგა ჯგუფს“ არ მიეცემა შესაძლებლობა, განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ“, – წერს ფადი ასლი.

ფადი ასლის თქმით, ამას საქართველოში ინვესტორებისა და ქვეყნის რეპუტაციის კუთხით დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.

„ICC-საქართველო“ არასდროს მისულა მსგავს უკიდურესობამდე, მაგრამ, ვხედავთ რა განსაკუთრებულ აგრესიას უცხოელი ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესების მიმართ, ჩვენ ვეღარ დავხუჭავთ თვალებს და ვეღარ გავხდებით მოწმენი სხვა უდანაშაულო ბიზნესის შევიწროებისა და ზეწოლის. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ივანიშვილი საბოლოოდ გააცნობიერებს იმ ვითარების სერიოზულობას, რომელშიც ჩააყენა ქვეყანა; იმოქმედებს საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა ბოლო მოეღოს ზეწოლას ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც თავს ესხმის და უპირობოდ გაუღებს კარს უცხოურ ინვესტიციებსა და ყველა ქართულ ბიზნესს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა“, – წერს ფადი ასლი.

წერილში საუბარია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც. ფადი ასლი ვარაუდობს, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

„ჩვენი პროგნოზით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დამატებით შემცირებას ექნება ადგილი; ამას მოჰყვება ეკონომიკური ზრდის შენელება ეროვნული ბანკის საკრედიტო პოლიტიკის გამო, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მშენებლობის, უძრავი ქონების და სამომხმარებლო საქონლის სექტორზე. აღნიშნულ სექტორებში ველოდებით გაკოტრების კასკადს, ეს გაკოტრებები კი უეჭველად მოახდენს ზეგავლენას ქვეყნის კომერციულ ბანკებზე“, – აღნიშნულია ფადი ასლის წერილში.

ფადი ასლი აღნიშნავს, რომ 2018 წლის ზაფხულში საქართველოში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების მიზნით წამოიწყო ევროპული საინვესტიციო ფონდის შექმნა, 18 თებერვალს კი, „თიბისის“ წინააღმდეგ აგორებული სკანდალის შემდეგ ამ ფონდის გაყინვის შესახებ მისცა განკარგულება.