„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს
„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ვალდებულებების დაფარვის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული გრაფიკი მთავრობისთვის მისაღები იქნება და მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

1500 თანამშრომლის სახელით მიმართვა ჯგუფის წარმომადგენლებმა ქარხანაში წაიკითხეს, რომელიც მესამე თვეა არ მუშაობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში „ომეგა ჯგუფმა“ ბიუჯეტში 1.5 მლრდ ლარზე მეტი შეიტანა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამუშაოების შეჩერების გამო კი, ქვეყანამ 12 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა.

„კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას, „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად, რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით“, – აღნიშნულია მიმართვაში.

მათი თქმით, „ომეგამ“ 2004 წელს მიღებული რესტრუქტურიცაზიის შედეგად, 5 წლის განმავლობაში წარმატებით გაისტუმრა და ბიუჯეტში შეიტანა 700 მლნ ლარზე მეტი.

„იმედი გვაქვს, „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული გრაფიკი, რომ დროულად დაფაროს არსებული ვალდებულება, მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციისა და ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის საქართველოში. „ომეგა ჯგუფი“ კი, ასევე იქნება წარმატებული ბიზნესის, მშრომელი ხალხის უფლებებისა და თავისუფლების საუკეთესო მაგალითი“, – ნათქვამია განცხადებაში.