ოჯახი პროკურატურისგან თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს
მაჩალიკაშვილების ოჯახი ორშაბათს პროკურატურას მიმართავს და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. ამის შესახებ პირველ არხს ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ოჯახი კლინიკიდან პაციენტის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ცნობას ელოდებოდა, დღეს ცნობა უკვე გადაეცათ და პროკურატურაში შეტანილ მოთხოვნას ამ დოკუმენტს დაურთავენ.
ასევე, მაჩალიკაშვილები ითხოვენ, ობიექტურად გამოიკვლიონ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში მომხდარი ფაქტი. რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებებს, ადვოკატი ამ ეტაპზე მათ ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, რომ სპეცოპერაციისას, მას შემდეგ რაც გასროლა განხორციელდა, სპეცრაზმელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკება მოხდა, რომელიც სწორედ ამ გასროლას უკავშირდებოდა.
ადვოკატის თქმით, მას მომხდარის შესახებ აქვს ბევრი ინფორმაცია, თუმცა ოფიციალური გამოკითხვა ჯერ არ დაუწყია. ხოლო, მომავალი კვირიდან, როდესაც ოჯახის წევრებისა და მეზობლების გამოკითხვას დაიწყებს, მომხდარის დეტალებზე საუბრის საშუალება ამის შემდეგ ექნება.
დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც უწყებაში ამბობენ, ტარდება გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.