გია ვოლსკი - ტერორიზმის მიმართ არანაირი ლოიალობა არ შეიძლება იყოს დაშვებული
გია ვოლსკი - ტერორიზმის მიმართ არანაირი ლოიალობა არ შეიძლება იყოს დაშვებული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ტერორიზმის მიმართ არანაირი ლოიალობა არ შეიძლება იყოს დაშვებული.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, საკმაოდ ვრცელი და დასაბუთებული მასალა წარმოადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რასაც გაეცნო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიცია.

„მაშინ არც ერთი კითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს მასალა რეალური. მასალა არის ძალიან მძიმე და პირდაპირ ადასტურებს ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან, რასაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი შეეწირა. რეალურად, გამოძიება საითკენ წავიდა, ეს წინასწარ პრაქტიკულად ცნობილი იყო ადამიანებისთვის. ადამიანის სიკვდილს ძალიან განვიცდი, როგორ ვითარებაშიც არ უნდა მოხდეს. ჩვენთვის ტერორისტული აქტი, ტერორისტული ფაქტი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ასეთი მასშტაბი სიახლეა, როგორც იმ პერიოდისთვის სალოსის გამზირზე ტარდებოდა. არანაირი ლოიალობა არ შეიძლება ტერორიზმის მიმართ იყოს დაშვებული. ეს ფაქტები რაც პროკურატურამ დაადგინა, არის თუ არა რეალური, ეს სასამართლოს მიერ იქნება შეფასებული თანასწორ პაექრობაში დაცვისა და ბრალდების მხარეთა შორის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის პროკურატურაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

დატოვე კომენტარი