ობობის ყველაზე მყარ ქსელში ახალი ცილა აღმოაჩინეს
ობობის ყველაზე მყარ ქსელში ახალი ცილა აღმოაჩინეს

ამერიკელ და სლოვენიელ მკვლევართა ჯგუფმა ამ დროისათვის ყველაზე ძლიერ ობობის ქსელში აქამდე უცნობი ცილა აღმოაჩინა. ამ აბლაბუდას დარვინის მყეფარი ობობა (Caerostris darwini) სპეციალურ ჯირკვლებში გამოიმუშავებს.

ობობის აბრეშუმით ადამიანები ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ მოიხიბლნენ. ისტორიის განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, რომ ის ქსოვილების დასამზადებლად გამოეყენებინათ. აბლაბუდას ლაბორატორიებში იყენებენ ახალი ძლიერი მასალების შესაქმნელად. ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დარვინის მყეფარი ობობა და მისი სააბლაბუდე ჯირკვლები შეისწავლეს.

დარვინის მყეფარი ობობა (Caerostris darwini) აბლაბუდის მქსოველ ობობათა ტიპს მიეკუთვნება. ცნობილია, რომ ისინი ყველა სხვა ობობაზე დიდ აბლაბუდებს ხლართავენ მდინარეების ზედაპირის თავზე. წინა კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ აბლაბუდას სხვადასხვა ნაწილში ეს ობობები შვიდი სხვადასხვა სახის აბრეშუმს იყენებენ.

აბრეშუმის ერთ-ერთ ასეთ ტიპს დრაგლაინს უწოდებენ და ობობა მისგან აბლაბუდის მთავარ საყრდენს ძაფს ამზადებს. დადგენილია, რომ ის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძლიერი ობობის აბრეშუმია. ამჯერად, მეცნიერებმა მისი და მისი წარმომქმნელი ჯირკვლების უკეთ შესწავლა განიზრახეს.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს სპაიდროინის, ანუ განმეორებად ცილათა ორი ნაცნობი ტიპი MaSp1 და MaSp2, რომლებიც მრავალი სხვადასხვა ობობის აბრეშუმში გვხვდება. თუმცა, დარვინის მყეფარი ობობის დრაგლაინში მათ სხვა სახის სპაიდროინი აღმოაჩინეს, რომელსაც MaSp4a უწოდეს.

ამ ცილის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის შეიცავს დიდი ოდენობით ამინომჟავა პროლინს, რომელიც ელასტიკურობასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ცილას შედარებით ნაკლები ჰქონდა MaSp1-სა და MaSp2-ში შემავალი სხვა კომპონენტები, რის გამოც ის საკმაოდ უნიკალურია.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მისი სააბლაბუდე ჯირკვალი სხვა ობობებისაზე გრძელია, რაც კიდევ ერთი ფაქტორია მის მიერ გამომუშავებული აბრეშუმის სიძლიერისათვის.

მომზადებულია sciencex.com-ის მიხედვით.