ზოგიერთი ობობა თავისზე გაცილებით დიდ გველებს მარტივად იჭერს და ჭამს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ზოგიერთი ობობა თავისზე გაცილებით დიდ გველებს მარტივად იჭერს და ჭამს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, შხამიანი ობობები ზომით მათზე გაცილებით დიდ გველებზე ნადირობენ და ხშირად, ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვებულიც რჩებიან.

კვლევის ავტორებმა მიაკვლიეს 319 ჩანაწერს, რომელშიც აღწერილია, როგორ მოკლეს და შეჭამეს ობობებმა გველები; მათგან 297 შემთხვევა ბუნებრივი იყო, ველურ გარემოში (დანარჩენი 22 ტყვეობაში მოხდა). შემთხვევათა დაახლოებით მესამედი სამეცნიერო დაკვირვებებს წარმოადგენს და შესაბამის ჟურნალებშიც არის გამოქვეყნებული, დანარჩენი კი ახალ ამბებში ან სოციალურ მედიაშია აღმოჩენილი.

„რაც უფრო ბევრს ვიკვლევ, მით უფრო ვაანალიზებ, რომ გარკვეული ობობები ასეთ წარმოუდგენელ საქმეს ასრულებენ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბაზელის უნივერსიტეტის კონსერვაციონისტი ბიოლოგი მარტინ ნიფელერი. წინა კვლევაში იგი იუწყებოდა, როგორ ჭამდნენ ობობები ღამურებსა და სხვა ხერხემლიანებს.

ნიფელერი და ჯორჯიის უნივერსიტეტის ჰერპეტოლოგი ვიტფილდ გიბონსი Journal of Arachnology-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში იუწყებიან, რომ გველების ჭამა ობობებში საკმაოდ გავრცელებულია; ბუნებრივ გარემოში ამ საქმეს ობობის 30-ზე მეტი სახეობა მისდევს, 11 ამას ტყვეობაშიც აკეთებს.

გველებს ყველაზე ხშირად ქვრივი ობობები ჭამენ; სწორედ მათზე მოდის შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი. მათ შორის არის სახელგანთქმული შავი ქვრივი ობობები (Latrodectus mactans, L. Hesperus, L. variolus) და აფრიკული ღილი ობობა (L. indistinctus).

ეს ობობები ტანით პატარები არიან, ძირითადად 1,1 სმ სიგრძის და მათი მსხვერპლები ძირითადად პატარა, ახალგაზრდა გველები არიან. მათი შხამი იმდენად ძლიერია, რომ გაცილებით დიდი ცხოველების მოკვლაც შეუძლია.

გველების მოკვლის 10 პროცენტი მოდიოდა ტარანტულას ოჯახის ობობებზე. ეს დიდი ობობები აბლაბუდას არ ქსოვენ და მსხვერპლზე აქტიურად ნადირობენ მიწაზე და ხეებზე.

მტაცებლობის შემთხვევათა 8,5 პროცენტი მოდიოდა აბლაბუდის მქსოველ დიდ ობობებზე, რომლებიც ღამურებსა და ფრინველებსაც კი იჭერენ. ეს ობობები დიდ და ძალიან ძლიერ, წრიულ ქსელს ქსოვენ. მას შემდეგ, რაც ობობები გველებს კლავენ, შინაგან ორგანოებს სწოვენ, ზუსტად ისე, როგორც მწერებს.

ობობების მიერ გველების ჭამა ყველა კონტინენტზე ფიქსირდება ანტარქტიდის გარდა; შემთხვევათა ნახევარი აშშ-ში მოხდა, თითქმის მესამედი კი ავსტრალიაში.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ობობები 86 სხვადასხვა სახეობის გველს ჭამენ, ყველაზე ხშირად კი მათი მსხვერპლი ანკარასებრთა ოჯახის გველები ხდებიან. ამ ოჯახში შედის ზოლებიანი ანკარა (Thamnophis cyrtopsis) და ვირთხისმჭამელი გველი (Pantherophis guttatus); ობობების მსხვერპლი ისინი ყველაზე ხშირად ალბათ იმიტომ ხდებიან, რომ გელის ყველაზე უხვად წარმოდგენილ ოჯახს წარმოადგენენ ყველა კონტინენტზე ავსტრალიის გარდა.

ობობების მსხვერპლ გველთა უმეტესობა ახალი გამოჩეკილი იყო, მასით ერთი გრამი ან ნაკლები. თუმცა, ზოგჯერ ობობები უფრო დიდ გველებსაც იჭერდნენ — მათ შორის ყველაზე დიდი სიგრძეში ერთ მეტრამდე იყო.

ასეთ დიდ გველებს ძირითადად აბლაბუდას მქსოველი ობობები ან ტარანტულები კლავენ. შავ ქვრივებს საკუთარ წონაზე 30-ჯერ მძიმე გველების დაჭერა შეუძლიათ; ერთ შემთხვევაში კი გამჭვირვალე ობობამ (Steatoda triangulosa) 15 სმ სიგრძის და თავისზე 335-ჯერ მძიმე გველი დაიჭირა.

ობობის შხამს გველის მოსაკლავად რამდენიმე საათი ან დღე სჭირდება; თავად ამ გველების 30 პროცენტიც შხამიანი იყო. ობობის თავდასხმა შემთხვევათა 86 პროცენტში გველებისთვუს ფატალურად დასრულდა, 1,5 პროცენტმა კი გაქცევა მოახერხა. 11 პროცენტი ადამიანმა დამკვირვებლებმა გადაარჩინეს.

მას შემდეგ, რაც ობობა გველს მოკლავს, მის შეჭმას ხშირად მთელ დღეს ანდომებს.

მკვლევართა განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში, გველები იშვიათი და იღბლიანი სადილია ობობებისთვის, რომლებიც ძირითადად მწერებით იკვებებიან. თუმცა, ზოგიერთი ობობა, განსაკუთრებით ტარანტულები, გველებს შეიძლება რეგულარულად ჭამენ. შესაძლოა ასე იყოს ავსტრალიური წითელზურგა ობობების (Latrodectus hasselti) შემთხვევაშიც, რომლებიც გველების გარდა ხვლიკებსაც მიირთმევენ.

კვლევის თანაავტორი მარტინ ნიფელერი აღნიშნავს, რომ მას გველების ფობია ჰქონდა, მაგრამ ამ კვლევისას ეს შიში აღტაცებაში გადაიზარდა.

კვლევა Journal of Arachnology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.