კვლევის მიხედვით, ობობები სავარაუდოდ სიზმრებს ხედავენ — #1tvმეცნიერება
კვლევის მიხედვით, ობობები სავარაუდოდ სიზმრებს ხედავენ — #1tvმეცნიერება

ახალმა აღმოჩენამ ხტუნია ობობების შესახებ, შეიძლება, საკმაოდ შეცვალოს ადამიანის ვარაუდები ფეხსახსრიანების (ართროპოდები) კოგნიტურ შესაძლებლობათა შესახებ.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელშიც შეისწავლეს ძილის დროს მათი თვალებისა და სხეულის მოძრაობები, შესაძლებელია, რომ ეს ციცქნა ობობები ამ დროს არა მხოლოდ ისვენებდნენ, არამედ სიზმრებსაც ხედავდნენ. ასეთი ვარაუდის საფუძველი ის გახდა, რომ ისინი შედიან ძილის ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საოცრად ჰგავს ადამიანებისა და სხვა ხერხემლიანებისთვის დამახასიათებელ სწრაფი ძილის ფაზას (REM).

ამან კი შეიძლება ახსნას ჩვენი წარმოდგენა ძილისა და ძილის მდგომარეობათა შესახებ, ასევე, რა როლს თამაშობს სწრაფი ძილის ფაზა იმ ცხოველთა შემეცნებაში, რომლებსაც ის ახასიათებს.

ამ დრომდე, ძილის კვლევათა უმეტესობა ხერხემლიან ცხოველებზე იყო ფოკუსირებული. მხოლოდ ბოლო პერიოდში გაჩნდა მტკიცებულებები, რომ სწრაფი ძილის ფაზა უხერხემლოებსაც ახასიათებთ, კერძოდ თავფეხიანებს (ცეფალოპოდები), მაგალითად, მელანთევზებს და რვაფეხებს.

ამან კი ძლიერ საინტერესო კითხვა გააჩინა: ხედავენ თუ არა ეს არსებები სიზმრებს? რომელ სხვა ცხოველებს ახასიათებთ სწრაფი ძილის ფაზა?

ამ კითხვებზე პასუხმა შეიძლება მიგვიყვანოს კიდევ უფრო თავსატეხ კითხვებზე პასუხებამდე, მაგალითად, რატომ ჩამოყალიბდა სწრაფი ძილის ფაზა? რა მიზანს ემსახურება ის?

ცოტა ხნის წინ, მკვლევართა ჯგუფმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ქცევითი და ევოლუციური ეკოლოგის, დანიელა როსლერის ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ხტუნია ობობას სახეობას, სახელად Evarcha arcuata-ს, როგორც ჩანს, ძილი ახასიათებს.

შებინდებისას, ეს ციცქნა ობობები აბლაბუდის ერთ ძაფზე ეკიდებიან და მთელი ღამის განმავლობაში უმოძრაოდ, ერთ პოზაში რჩებიან.

უფრო სწორად, არც მთლად უმოძრაოდ. როსლერისა და მისი კოლეგების მიერ დაკვირვებულ ზრდასრულ ობობებს აღენიშნებოდათ მომატებული აქტივობის პერიოდები: მათი პატარა ფეხები, სართავი ორგანო და მუცელი თრთოდა ან ფეხებს თავდაცვით პოზაში იკეცავდნენ.

ჯგუფი დააკვირდა, რომ მოძრაობები სწრაფი ძილის ფაზაში მყოფი კატებისა და ძაღლების მოძრაობებს ჰგავდა. თუმცა, სულ მცირე ზრდასრულ ობობათა შემთხვევაში, ძნელი იყო იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად რას აკეთებდნენ ისინი.

ასეთი შეზღუდვა არ არსებობდა ამ სახეობის მოზარდთა შემთხვევაში. ჯერ კიდევ ზრდის პროცესში მყოფი მათი სხეულები არაპიგმენტირებულია და შესაბამისად, გამჭვირვალე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ღამის არააქტიურობის პერიოდში იმის დანახვა და ჩაწერა, თუ რა ხდება მათ სხეულში.

განსაკუთრებით კი პატარა ობობების ბადურის მილებში. ხტუნია ობობების დიდი, შავი, გამჭვირვალე თვალები უმოძრაოდ არის მოთავსებული მათ პატარა თავზე; თუმცა, მნიშვნელოვანი საქმიანობის დროს, მოძრაობა და ხედვის მორგება შეუძლია მათ ბადურის მილებს.

სწრაფი ძილის ფაზის სადიაგნოსტიკო ინდიკატორია თვალების სწრაფი მოძრაობა. E. arcuata ობობას ნაშიერთა ბადურის მილებზე პირდაპირმა დაკვირვებებმა უნდა ცხადყოს, არის თუ არა სწრაფი ძილის ფაზის მსგავსი ის, რაც ამ ობობებში ხდება.

E. arcuata-ს 34 ნაშიერი მკვლევრებმა ღამით, 4-საათიან სეგმენტებად გადაიღეს. ამავე დროს, ნერვულ ქსელს ასწავლეს ობობების ბადურის მოძრაობების გამოვლენა. ამის შემდეგ, დეტალურად შეისწავლეს გადაღებული ვიდეოები.

მძინარე ობობების ვიდეოებში დაფიქსირდა არა მხოლოდ ბადურის მოძრაობები, არამედ ეს მოძრაობები ზუსტად დაემთხვა სართავი ორგანოებისა და ფეხების თრთოლას და მოკეცვასაც.

უფრო მეტიც, ფეხების დაკეცვის ყოველი შემთხვევა დაკავშირებული იყო ბადურის მოძრაობის გაძლიერებასთანაც.

ზოგჯერ, პატარა ობობები იჭიმებოდნენ და საკუთარ თავს ისუფთავებდნენ. მკვლევართა განცხადებით, ასეთი შემთხვევები ხდებოდა სწრაფი ძილის ფაზის მდგომარეობაში შესვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ დაკავშირებული არ იყო თავად ბადურის მოძრაობებთან. მათი აზრით, ეს მიუთითებს გამოღვიძების ხანმოკლე პერიოდებზე.

ბადურის მოძრაობათა გააქტიურება, როგორც ეს სხვა ცხოველებშიც არის, ხდებოდა ინტერვალებით და ხანგრძლივობით, რომლებიც სხვა ცხოველებში სწრაფი ძილის ფაზას შეესაბამება. მკვლევართა განცხადებით, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებდა.

„ეს კვლევა გვაძლევს სწრაფი ძილის ფაზის მსგავსი მდგომარეობის პირდაპირ მტკიცებულებას ხმელეთის უხერხემლოებში — ფეხსახსრიანებში, თანაც აშკარა პარალელებით ხმელეთის ხერხემლიანების სწრაფი ძილის ფაზასთან“, — წერენ მკვლევრები.

ამ კვლევაში საინტერესო ის არის, რომ ხტუნია ობობები განსაკუთრებით ძლიერი მხედველობის მქონე პატარა ფეხსახსრიანები არიან.

მათი სახის წინა მხარეს მოთავსებულია ორი უზარმაზარი თვალი, თავის გარშემო კი ექვსი სხვა პატარა თვალი. მეცნიერები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ მათი მხედველობა შეიძლება ტეტრაქრომატული იყოს.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ადამიანებში, სწრაფი ძილის ფაზაში თვალების მოძრაობები პირდაპირ არის დაკავშირებული სიზმარში ვიზუალურ „მოძრაობის მსგავს“ გამოცდილებასთან.

შესაბამისად, ობობების ძილი შეიძლება ასევე მიუთითებდეს ვიზუალურ სიზმრებზე, ანდაც შეიძლება ჰქონდეს ფუნქცია, რომელსაც რაღაც საერთო აქვს მხედველობასთან. სხვა ობობები, რომლებიც გარემოს აღსაქმელად მხედველობაზე მეტად ვიბრაციებს ეყრდნობიან, შეიძლება სწრაფი ძილის მსგავს ფაზას სხვაგვარად გამოცდიდნენ.

უფრო მეტი ცნობა შეიძლება მოგვაწოდოს სხვა მძინარე არსებათა დამატებითმა კვლევებმა, ასევე მოგვცეს ახალი ცნობები ძილისა და სიზმრების დანიშნულების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა სამეფოში ძილი საყოველთაოდ არის გავრცელებული, გაურკვეველი რჩება, ერთნაირად უნივერსალურია თუ არა სწრაფი ძილის ფაზა და როგორ შეიძლება გამოიხატებოდეს ის ნაკლებად მხედველ სახეობებში“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.