ნუკრი ქანთარია - პრეზიდენტი პარლამენტში მისვლისთვის „ხელსაყრელ ამინდს“ ელოდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით გამოსვლის პროცესის გაჭიანურებას ტაქტიკურ სვლად აფასებს.
როგორც პირველ არხს ქანთარიამ განუცხადა, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა რეგლამენტით გათვალისწინებულ თარიღს ზუსტად არასოდეს ემთხვევა.
„მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და თარიღები ერთმანეთს არასოდეს დამთხვევია. ამას სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა. ახლა მგონია, რომ პრეზიდენტის მხრიდან უფრო ტაქტიკური შეჩერებაა. ალბათ, პრეზიდენტი თავის თავში გადაწყვეტილების მიღებას ელოდება, იყაროს თუ არა კენჭი. ალბათ, „ოცნების“ კანდიდატის დასახელებასაც ელოდება. ვფიქრობ, ამის შემდეგ თავის გამოსვლას სხვანაირად ააწყობს. მგონია, რომ საქმე გარკვეულ ტაქტიკასთან გვაქვს და არა რაიმე პირად ურთიერთობებთან. ალბათ, პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ ამინდს დაელოდება. ეს ხელსაყრელი ამინდი იქნება თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ მას მიაჩნია, რომ გამოსვლისთვის გარკვეული დრო სჭირდება“, – აცხადებს ქანთარია.
კითხვაზე, რას გულისხმობს „ხელსაყრელ ამინდში“, ქანთარიამ უპასუხა:
„მისთვის ხელსაყრელი ამინდი შეიძლება საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, რომელსაც ჩათვლის, რომ მის წონაში არ არის და შეუძლია, კენჭი იყაროს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს. შეიძლება, გარკვეული დაპირისპირებების მცდელობას ელოდება, რომ რაღაც უფრო გაღვივდეს და როგორც ისეთი არბიტრი გამოვიდეს, რომელიც წონიან სიტყვას იტყვის“, – დასძენს ქანთარია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი, როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა, თუმცა პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ გამოცხადებულა.