არჩილ თალაკვაძე - არ ვეთანხმებით კრიტიკულ მოსაზრებებს, რაც პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, თუმცა გამოჩნდა, რომ ხელისუფლების შტოებს შორის საკონსტიტუციო ბალანსი რეალური პოლიტიკური პროცესია
არჩილ თალაკვაძე - არ ვეთანხმებით კრიტიკულ მოსაზრებებს, რაც პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, თუმცა გამოჩნდა, რომ ხელისუფლების შტოებს შორის საკონსტიტუციო ბალანსი რეალური პოლიტიკური პროცესია

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურმა მოხსენებამ კიდევ ერთხელ აჩვენა და დაადასტურა, რომ ქვეყანაში არსებობს საკონსტიტუციო ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის და საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა გავატარეთ, იყო სწორი, ამან გააძლიერა ქვეყანაში დემოკრატია, კიდევ უფრო დემოკრატიული გახადა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება შინაარსობრივ შეფასებებს, პრეზიდენტმა ჩამოთვალა თანმიმდევრულად ყველა ის მიღწევა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქვს ქვეყანას როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ისე საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკური განვითარების, ევროინტეგრაციის კუთხით. მან ასევე დასვა კითხვის ნიშნები ბოლო ორი წლის მოვლენებთან დაკავშირებით იმ კონტექსტში, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება ამ ორი წლის განმავლობაში. მინდა, დავარწმუნო საზოგადოება და ქალბატონი პრეზიდენტიც, რომ შემდეგ წელს, როდესაც პარლამენტში მას ექნება ყოველწლიური მოხსენება, მთელი საზოგადოება დაინახავს, ყველას ეცოდინება პასუხი მის მიერ დღეს დასმულ კითხვაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება განუხრელად ყოფილიყო დაცული მაშინ, როდესაც უკრაინაში არის რუსეთის აგრესია. სწორედ ეს მომენტი, რთული პერიოდი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლება, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ქვეყნის სუვერენულ და ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ეს არის ის ღირებულებები, მნიშვნელოვანი მიზანი და ამოცანა, რომელსაც არ დავუთმობთ არავის. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან განვითარებას. მშვიდობიანი ხვალინდელი დღე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა არის ის, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს პასუხები, რაზეც მზად ვართ, მივიღოთ მნიშვნელოვანი და მტკიცე გადაწყვეტილებები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, „ღიმილის მომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას“.

„ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს. უკიდურესად შეურაცხმყოფელ კამპანიას აწარმოებდნენ მის მიმართ, დღეს უკრავენ ტაშს ისე, რომ არც ერიდებათ საკუთარი სიტყვების, განცხადებებისა და ქცევის, რაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ გააკეთეს, როგორც ისინი ექცეოდნენ ამ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ინსტიტუტს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვექმნა საქმიანი გარემო პრეზიდენტის ანგარიშისთვის, რათა საშუალება ჰქონოდა, შესრულებული სამუშაო და საკუთარი ხედვა საზოგადოებისთვის მიეწოდებინა. რასაკვირველია, ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, არ ვეთანხმებით იმ კრიტიკულ მოსაზრებებს, რაც მოვისმინეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანაში არსებული საკონსტიტუციო ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და პარლამენტში არის რეალური პოლიტიკური პროცესი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.