ნუგზარ წიკლაური - თავდასხმის ფაქტის მიჩქმალვის მცდელობა იწვევს კითხვებს ხელისუფლების მიმართ, საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არავის სურს
ნუგზარ წიკლაური - თავდასხმის ფაქტის მიჩქმალვის მცდელობა იწვევს კითხვებს ხელისუფლების მიმართ, საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არავის სურს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არავის სურს.

თუმცა, მისივე თქმით, როცა თავდასხმის ფაქტის მიჩქმალვის მცდელობაა, ხელისუფლების მიმართ კითხვები ბუნებრივია.

„არავის არ სურს ამის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, უბრალოდ, თვითონ ეს ფაქტი უკავშირდება პოლიტიკასაც, უსაფრთხოებასაც, ჩვენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასაც, როდესაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი ხდება სამიზნე ქილერების, როდესაც ამის შესახებ ცნობილია ხელისუფლებისთვის, აკავებს სრულიად სხვა ბრალით, რათა მიჩქმალოს ასეთი თავდასხმის ფაქტი, არა მხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ მთელ საზოგადოებაში ჩნდება აღშფოთების განცდა და სურვილი, დაისვას შეკითხვები ხელისუფლების მიმართ და ამაზე იყოს გაცემული პასუხები. რაც შეეხება მეორე ნაწილს, როდესაც ლაპარაკობენ, რომ ამის გამოყენება უნდათ რაღაცა მიზნით, ეს არის ისეთი ცინიზმი, რომლის კომენტირებაც  ძალიან ძნელია“,- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი, ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა, რომ ვყველა უნდა დავმშვიდდეს და სამართალდამცავ სისტემას მისცენ შესაძლებლობა, საქმე უსწრაფეს დროში გამოიძიოს.

„გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას“,-  აღნიშნა გახარიამ.