ნიკა გვარამია - რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის, ამ ქვეყნის გამორჩეული სახის და ფიგურის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია
ნიკა გვარამია - რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის, ამ ქვეყნის გამორჩეული სახის და ფიგურის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი.

„საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი. საქართველოს ხელისუფლებისთვის უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან ცნობილი გახდა, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, „მთავარი არხის“, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკისა და არა მხოლოდ ჟურნალისტიკის, ამ ქვეყნის გამორჩეული სახის, ფიგურის, მოქალაქის ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით“,- აღნიშნა გვარამიამ.

გვარამია ამ ფაქტს გიორგი გაბუნიას მიერ „რუსთავი 2“-ში რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და კადიროვის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე.

„საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად. ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად. მიუხედავად ამისა, გააძლიერა მაინც კონტროლი გიორგი გაბუნიას გადაადგილებაზე და ეს მისასალმებელია. ემოციურად რთულია ამის გაცნობიერება, რომ რამდენიმე თვეა, ტელევიზიის ერთ-ერთი მთავარი სახე და ჩემი მოადგილე არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ამ დროისთვის სამყაროს ნომერი პირველი ტერორისტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი ტერორისტული დასაყრდენის, კადიროვის შეკვეთით“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიას თქმით, რამდენჯერმე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა გაბუნიაზე.

„არ დაგიმალავთ, გვეგონა, რომ ეს არის ხელისუფლება, რადგან ყველა ჩვენს წამყვან სახეს უთვალთვალებს ხელისუფლება, ჩემით დაწყებული, გაბუნიათი გაგრძელებული. ამიტომ ეს არ გაგვკვირვებია“, – აღნიშბა ნიკა გვარამიამ.