ნუგზარ წიკლაური - ხაბეიშვილი წავიდა მაშინ, როცა პარტიას ყველაზე ძალიან უჭირდა, უცებ გარდაისახა და აღმოჩნდა, აქვს რესურსი, გვლანძღოს, ის შეარჩიეს იმიტომ, რომ დირექტივების უტყვი შემსრულებელი ყოფილიყო
ნუგზარ წიკლაური - ხაბეიშვილი წავიდა მაშინ, როცა პარტიას ყველაზე ძალიან უჭირდა, უცებ გარდაისახა და აღმოჩნდა, აქვს რესურსი, გვლანძღოს, ის შეარჩიეს იმიტომ, რომ დირექტივების უტყვი შემსრულებელი ყოფილიყო

არ გვინდოდა, ეს საკითხები გამხდარიყო საერთო სახალხო განხილვის საგანი, რადგან კონსოლიდაცია ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ამბავი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითიც უპასუხა შეკითხვას, რატომ დუმდა ნიკა მელია ორი წელი ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების თაობაზე.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ღიად არ საუბრობდნენ, რადგან გულგატეხილობა არ ყოფილიყო პარტიის მხარდამჭერებში.

„ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ინფორმირებული იყო, მათ შორის ბატონი ვანოს მეგობრებიც. ეს ყველაფერი მათ იციან და დღეს ალბათ შეამჩნევდით, რომ კომენტარებისას არავინ არ უარყო ამ ფაქტის არსებობა. არ დავიწყეთ ამაზე ღია ლაპარაკი, რომ გულგატეხილობა არ ყოფილიყო ასობით ათას იმ ადამიანში, ვინც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა. ცხრა ნოემბრის უპასუხისმგებლო საქციელის შემდეგ უკვე საჭირო გახდა ამაზე ლაპარაკი. მე არ მიმაჩნია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები მიმდინარეობს ერთ, ორ ან სამ ადამიანს შორის და მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, ვინ უფრო ეფექტური იქნება სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში. მიმაჩნია, ეს არის ნამდვილი ცივილიზაციური საკითხი. თუ ჩვენს ქვეყანაშიც არის ცივილიზაციური დილემა, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ვდგავართ ამგვარი არჩევანის წინაშე“, – განაცხადა წიკლაურმა.

თამთა სანიკიძის კითხვაზე, ვანო მერაბიშვილს უკავშირებს თუ არა სოსო თოფურიძის გააქტიურებასაც, რომელმაც მელია დაადანაშაულა, წიკლაურმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებების გარეშე საუბარი პარტიაში დეზორგანიზაციის შემოტანის მცდელობას აჩენს.

„ვერ გეტყვით, ვისი გააქტიურება ვისი არის. ყველა ადამიანი, რომელიც რამეს იტყვის, მის სიტყვების მიღმა უნდა იყოს რაღაც მტკიცებულებები, დოკუმენტები. ასე ჰარი-ჰარალედ ლაპარაკი არავისთვის დამაჯერებელი არ არის და აჩენს განცდას, რომ რომელიმე ადამიანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დეზორგანიზაციის შემოტანა სურს. ამას მე პირადად ვერ მივესალმები. არის ცნობილი გამონათქვამი: „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“. რომელიმე ადამიანს თუ წარმოუდგენია, რომ ყველანაირ მიდგომას უცვლელად დატოვებს, არ გაიაზრებს იმ პრობლემატიკას, რომელიც ნებისმიერ პარტიაში წარმოიშობა, განსაკუთრებით 20-წლიანი ისტორიის პარტიაში, აუცილებლად დამარცხდება თანამედროვეობის გამოწვევებთან ბრძოლაში“, – აღნიშნა წიკლაურმა.

წიკლაური მიიჩნევს, რომ არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ძველი მეთოდები დარჩება. მისივე თქმით, პარტიაში თუ ისევ იგივე ძალოვანთა ჯგუფი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება მიმზიდველი.

ამასთან, როგორც წიკლაურმა განაცხადა, არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებებს არ ელოდება.

„არამც და არამც. იქნება ახალი გუნდი, ახალი მიმართულების ლიდერები, თუმცა არავის აზრად არ შეიძლება, მიუვიდეს, ვიღაცას უთხრას, რომ წავიდეს ამ პარტიიდან, რაღაც ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომელიც დისტანცირებას მოახდენს ამ ადამიანების. ჩვენ გვინდა ბევრი ახალი ადამიანი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს არიან პოლიტიკურ პარტიაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ერთიანობა იყოს შენარჩუნებული. არსებობს დიდი ნაციონალური იდეა, ეს არის საქართველოს თავისუფლება, ხსნა ოლიგარქიისაგან და გზა ევროპისკენ“, – აღნიშნა წიკლაურმა.

წიკლაური მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები პარტიას დააზარალებს.

„სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმაც უთხრა ამის ინიციატორებს, რომ ახლა არ იყო ამის დრო, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია პოლიტიკური ცხოვრება. შესაძლოა, იყოს ზიანი, მაგრამ ასევე ვხედავ, რომ ბევრი ადამიანისთვის, რომელიც დაინახავს, რომ აქ გაიმარჯვა ევროპულმა გზამ, „ნაციონალური მოძრაობა“ გახდება კვლავ სერიოზული მაგნიტი“.

გარდა ამისა, გადაცემაში წიკლაურმა ისაუბრა ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის კანდიდატად შერჩევაზე. მისი თქმით, ხაბეიშვილი შეარჩიეს იმიტომ, რომ არაფორმალური ცენტრის დირექტივების უტყვი შემსრულებელი ყოფილიყო.

„ბატონი ლევანი ამ პარტიიდან ადრეც წასულა. 2016 წელს, ყველაზე ძალიან როცა უჭირდა პარტიას, დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“. უცებ გარდაისახა და აღმოჩნდა, რომ მას აქვს რესურსი გვლანძღოს, გვაგინოს და იმასაც კი იძახდა, ძალიანაც კარგი, 2012 წელს რომ წააგეთო. შემდეგ ისევ მობრუნდა ამ პარტიაში. როგორ მოხსნა და რა არქიტექტურა იყო დაყენების თავმჯდომარედ, ერთ დღეს ერთი გააკეთებინეს, მეორე დღეს – მეორე, მესამე დღეს – მესამე, გასაგებია, რომ მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნება. ბატონი ლევანი როცა გამოდის, არასდროს არ ლაპარაკობს გეოპოლიტიკაზე, რა მდგომარეობაშიც საქართველოა, ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე, განათლების, კულტურის პოლიტიკაზე, არცერთ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ მას, უბრალოდ, არა აქვს ეს ცოდნა, სამწუხაროდ. ამიტომ მიმაჩნია, ვინც ის შეარჩია, შეარჩია მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილიყო იმ ადამიანების, არაფორმალური ცენტრის მითითებებისა და დირექტივების უტყვი შემსრულებელი. ასეთი უტყვი შემსრულებლები კი არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ უნდა ანგარიშვალდებული, პასუხისმგებლობიანი ლიდერები, რომელთაც აქვთ თავიანთი ხედვა და მზად არიან, მიიღონ კრიტიკა ამომრჩევლის მხრიდან“, – განაცხადა წიკლაურმა.