ნუგზარ წიკლაური - ვანო მერაბიშვილი არის საარჩევნო შტაბის რეალური ხელმძღვანელი, სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით, რომ ღიად გამოსულიყო და ჩართულიყო კამპანიაში
ნუგზარ წიკლაური - ვანო მერაბიშვილი არის საარჩევნო შტაბის რეალური ხელმძღვანელი, სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით, რომ ღიად გამოსულიყო და ჩართულიყო კამპანიაში

ვანო მერაბიშვილი გახლავთ რეალურად შტაბის ხელმძღვანელი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის კითხვას, რა ფორმით არის ჩართული ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ის, რომ ვანო მერაბიშვილი საარჩევნო შტაბის რეალური ხელმძღვანელია, ბოლო დღეებში გამოჩნდა. მისივე თქმით, მას მოუწოდებდნენ, ღიად ჩართულიყო ნებისმიერ კამპანიაში.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ლევან ხაბეიშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც მისი გადაწყვეტილება იყო პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე კენჭისყრა. ალბათ ყველას გვახსოვს წინა ისტორია. ამ ადამიანს ჯერ უთხრეს, რომ კენჭს იყრის კანდიდატობაზე, მივიდა მშვიდობის ხიდთან, შემდეგ გზაშივე უთხრეს და გადაწყდა, რომ აღარ იყრის კენჭს. სხვა კანდიდატურა როდესაც ვეღარ მოიძებნა, კვლავ უთხრეს, თავი წარედგინა კანდიდატად. აქ ყველაფერი ნათელია. ვანო მერაბიშვილი უშუალოდ ჩართულია და ბოლო დღეებმა კარგად გამოაჩინა, რომ ის არის სწორედ ამ შტაბის რეალური ხელმძღვანელი. სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით მას, არა კულუარებს მიღმა, არამედ ღიად რომ გამოსულიყო, ესაუბრა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ალბათ მას აწუხებს და ღიადვე ჩართულიყო ნებისმიერ კამპანიაში. თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში, იქნება ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა თუ პარტიებს შიგნით პოლიტიკის წარმოება, ძალიან მნიშვნელოვანია, მართვა იყოს არა კულუარული, არამედ, პირიქით, ადამიანები ღიად გამოვიდნენ და თავიანთი პოლიტიკური მისწრაფებების შესახებ ღიად ისაუბრონ.  მოისმინონ კითხვები, კრიტიკა, გასცენ პასუხი ამ კითხვებს, მათ შორის ითანამშრომლონ მედიებთან, ჟურნალისტებთან და ეს იყოს ამომრჩევლისათვის თვალხილული“, – განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, წიკლაურმა საარჩევნო კამპანიაში დავით კეზერაშვილის ჩართულობაზეც ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ მასთან გარკვეული თანამშრომლობა იყო. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ამ რენეგატი ხელისუფლების მიმართ, მოვიზიდოთ ჩვენი პარტიისკენ. ყველანაირი შესაძლებლობა, თუ რამ არსებობს, მიმართული იყოს ამ ბრძოლისკენ, მაგრამ ამას აქვს წინაპირობები და პოლიტიკური წესები. ადამიანს თუ სურს, დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს მისასალმებელია. იგივე ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ, სხვადასხვა ტიპის დახმარების სანაცვლოდ, თვითონ გახდეს პოლიტიკოსი და მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგალითად იმაზე, ვინ იყოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, როგორი იყოს სარედაქციო პოლიტიკა, რომელი ლიდერები უნდა წავიდნენ სხვადასხვა ეთერში ან სხვადასხვა მიმართულებაზე ვინ უნდა იყოს წარდგენილი, ეს არის პოლიტიკური ანომალია. ამის შესახებ იყო საუბარი და გამოთქმული იყო რაღაც გარკვეული სურვილები, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მომხდარიყო ცვლილებები“, – განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, წიკლაურის თქმით, არ იცის, კეზერაშვილი აფინანსებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“. მისივე განცხადებით, დღეს დავით კეზერაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ამ ტიპის არანაირი ურთიერთობა არ არსებობს.

რაც შეეხება ხაბეიშვილის მხარდაჭერას, წიკლაურმა აღნიშნა, რომ არ აქვს ცნობები კერძო პირების ფინანსურ ურთიერთობებზე.

„რამდენადაც მახსოვს, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ რაღაც ანტიკორუფციულ მიმართულებას თანამშრომლობენ კეზერაშვილთან, მაგრამ ამაზე მეტი მე არ ვიცი. ამის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია. მე მაქვს ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ხოლო რაღაც კერძო პირებს თუ აქვთ რამე ფინანსური ურთიერთობა მათთან სხვადასხვა ფორმით, ამის შესახებ არანაირი ცნობები არ მაქვს“, – განაცხადა წიკლაურმა.

გარდა ამისა, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კეზერაშვილი აპირებდა თუ არა კობა ნაყოფიას გაწევას და შეცვლას, წიკლაურმა აღნიშნა: „ამის შესახებ კობა ნაყოფიას ალბათ ექნება შესაძლებლობა, პასუხი გაგცეთ“.

„მე ზოგად და დიდ სურათზე გესაუბრებით, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებზე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეზე იყო სხვადასხვა საუბარი. არაფორმალური ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში არის სრულიად შეუწყნარებელი რამ. ჩვენ ბატონ ივანიშვილთან სწორედ ამიტომ გვაქვს ყველაზე უფრო სერიოზული პრობლემები, რომ ის არის პოლიტიკური ფარდის მიღმა და რეალურად მართავს პოლიტიკურ პროცესებს ისე, რომ არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არ არსებობს საქართველოში არანაირი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ნებელობა აქვს, არ არსებობენ მინისტრები, პარლამენტის წევრები. რეალურად, ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთათვისაც უმთავრესი და განმსაზღვრელია ის პოლიტიკური გზავნილები, რომელიც მათ მოსდით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. იქნება ეს ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეკონომიკაში თუ საგარეო ვექტორის არჩევასთან დაკავშირებით, მიიღება ივანიშვილის მხრიდან.

კეზერაშვილმა გადაწყვიტა, თავად მიიღოს პოლიტიკაში მონაწილეობა. ადამიანი თუ პოლიტიკურ პარტიას მიზნების მიღწევაში ეხმარება, ეს მისაღებია და სწორი, მაგრამ თუ ამავე დროს ვინმე გადაწყვეტს, უხეშად ჩაერიოს პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკური ლიდერების მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები, ეს უკვე აღარც ევროპულია და აღარც დემოკრატიული. „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ ვართ მომხრეები და ადეპტები საქართველოს ევროპული განვითარების, ევროპული გზის, აუცილებელია, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში დამკვიდრებული იყოს ის პრინციპები, რომლებიც ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ევროპული იდეალების მიმართ“, – განაცხადა წიკლაურმა.