ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პეტრე ცისკარიშვილს საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფინანსური რესურსების განკარგვის შესაძლებლობა შეეზღუდა
ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პეტრე ცისკარიშვილს საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფინანსური რესურსების განკარგვის შესაძლებლობა შეეზღუდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პეტრე ცისკარიშვილს საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფინანსური რესურსების განკარგვის შესაძლებლობა შეეზღუდა.

წიკლაურის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო.

„იმ საკითხთა შორის, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხაზს გავუსვამდი ასევე იმას, რომ მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული. ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ფინანსური რესურსები, ვიდრე იქნება საარჩევნო კამპანია. ჩვენ ვართ წარმომადგენელი სხვადასხვა მხარის, სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. რადგან მეც, სხვასაც გამოხატული აქვს ეს პოზიციები და ბატონ პეტრესაც ჰქონდა გამოხატული ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ, და პატივისცემას ვუდასტურებ მას კვლავაც, ამავე დროს ფლობდა გარკვეულ რესურსებს, იმისთვის, რომ იყოს მეტი ნეიტრალიტეტი, მეტი გამჭვირვალობა ამ მიმართულებით, პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო ეს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი, პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის მიმართ არსებობს სრული ნდობა, სრული კონსენსუსი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამასთან, ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, დღევანდელმა დღემ განსაკუთრებით დაადასტურა, რომ პარტიაში დაპირისპირების სულისკვეთების გაჩენის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა.

„მიმაჩნია, რომ თვითონ ეს პროცესი, რომელიც დაიწყო მოულოდნელი, დასანანი და ძალიან სამწუხარო ნაბიჯით, როცა პარტიის ზურგს უკან გაკეთდა განცხადებები, თითქოსდა ვიღაცას მოუწოდებდნენ, არჩევნებს თუ არ ჩაატარებთ, იქნება სხვა პრობლემები, იყო პარტიისთვის დამაზიანებელი და ეს განსაკუთრებით დაადასტურა დღევანდელმა დღემ და იმ აღიარებამ, რომელიც მოვისმინეთ ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ არ არსებობდა არავითარი აუცილებლობა პარტიაში დეზორგანიზაციის შეტანის, პარტიაში დაპირისპირების სულისკვეთების გაჩენის. ესე იგი, არსებობდა რესურსი, რომ ჩვენ მოგველაპარაკა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. როგორც ხედავთ, უარყვეს ყველა თავიანთი პოზიცია, რომელიც ჰქონდათ არჩევნების წესთან, ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც ლაპარაკობდნენ და გადმოვიდნენ სხვა პოზიციაზე, ეს მისასალმებელია“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.