2018 წლის ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა შესაძლოა, ლეგენდარული ნორვეგიელი ბიატლონისტის ოლე-ეინარ ბიორნდალენის გარეშე ჩაიაროს. საქმე ისაა, რომ ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზიგფრიდ მაზე უკმაყოფილოა რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონის სპორტული ფორმით და თუ ლეგენდა შედეგებს არ გააუმჯობესებს, შესაძლოა, ის არ წაიყვანონ კარიერაში რიგით მეექვსე ოლიმპიადაზე.
“თუ მას კარგი შედეგები არ ექნება, შესაძლოა, მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება. იმისთვის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე კარგად გამოვიდეს, ბიორნდალენმა გაცილებით ადრე უნდა აკრიფოს ფორმა. მან იცის ამის შესახებ. ჩვენ ვიცით, რამდენს ნიშნავს ის გუნდისთვის. მას კიდევ აქვს დრო, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს”, – განაცხადა მწვრთნელმა.
მიმდინარე სეზონში ბიორნდალენმა სამ რბოლაში მიიღო მონაწილეობა და ვერც ერთხელ TOP10-ში ვერ შევიდა.