ნორვეგიაში უძველესი რუნული ქვა აღმოაჩინეს, რომელზეც გაურკვეველი სიტყვა წერია — #1tvმეცნიერება
ნორვეგიაში უძველესი რუნული ქვა აღმოაჩინეს, რომელზეც გაურკვეველი სიტყვა წერია — #1tvმეცნიერება

ნორვეგიელ არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი რუნული წარწერები, რომლებიც თითქმის 2000 წლის წინ არის შესრულებული და რამდენიმე საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილები.

კვადრატული, ყავისფერი ქვიშაქვის ნატეხის ზომა 30X30 სანტიმეტრია და 2021 წლის ბოლოს, ძველი სამარხი გორის გათხრებისას აღმოაჩინეს ტიურიფიორდის ტბასთან, ოსლოს სიახლოვეს, იქამდე, ვიდრე რკინიგზის მშენებლობა დაიწყებოდა.

სამარხში აღმოჩენილი ძვლებისა და მერქნის რადიონახშირბადული დათარიღება მიუთითებს, რომ წარწერები შესრულებულია ახ. წ. 1 – 250 წლებს შორის.

ასეთ ქვებს ძირითადად საფლავებზე დგამდნენ, განსაკუთრებით ვიკინგების ხანაში; წარწერებს რუნული ასოებით ასრულებდნენ, რომელიც სკანდინავიის უძველესი დამწერლობაა.

ოსლოს მუზეუმის განცხადებით, აღმოჩენა, რომელიც შეიძლება ისეო ქრისტეს ეპოქისაც იყოს, ნამდვილი „ოცნებაა რუნოლოგებისთვის“, რომლებიც რუნულ დამწერლობას, წარწერებსა და ისტორიას იკვლევენ.

„ვფიქრობდით, რომ პირველი ასეთი წარწერები ნორვეგიასა და შვედეთში 300 – 400 წლებს შორის გამოჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი რუნული ქვა შეიძლება გაცილებით ძველიც იყოს. უნიკალური აღმოჩენაა“, — ამბობს რუნოლოგი კრისტელ ციმერი.

რუნების ქვების წარმომავლობა დიდწილად ბურუსით არის მოცული.

ახლად აღმოჩენილ ქვაზე წერია სიტყვა „იდიბერუგი“, რაც ალბათ სამარხში დაკრძალული ადამიანის სახელი იყო.

21-დან 26 თებერვლამდე, ქვას ოსლოს კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოფენენ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.