აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებისას დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებისას დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ადგილას, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები იდგა, შეიკრიბნენ დაღუპულების ოჯახის წევრები, ტერაქტისას გადარჩენილები, სამაშველო სამსახურების თანამშრომლები და მოქალაქეები.
სამგლოვიარო ცერემონია ადგილობრივი დროით, ზუსტად 08:46 საათზე დაიწყო – ეს სწორედ ის დროა, როდესაც გატაცებული თვითმფრინავი ჩრდილოეთ ცათამბჯენს შეეჯახა. ცერემონიაზე ტერაქტებისას თითოეული დაღუპული ადამიანის სახელი წაიკითხეს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი სამგლოვიარო ღონისძიებას პენსილვანიაში, შენკსვილში ესწრებიან, სადაც ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კი, დაღუპულებს პენტაგონის ტერიტორიაზე მიაგებს პატივს.
„17 წლის წინ მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ მსხვერპლს, მათ ოჯახებსა და მამაც მაშველებს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება 9/11“, – წერს მაიკ პენსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
2001 წლის 11 სექტმებერს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა. მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას შეეჯახა, მეოთხე ავიალაინერი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, პენსილვანიის შტატში ქალაქ შენკსვილთან ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს თავდასხმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.
ტერაქტიდან 11 წლის შემდეგ, 2011 წლის 2 მაისს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პაკისტანში ალ ყაიდას ლიდერი უსამა ბინ ლადენი მოკლეს.