ნინო ზამბახიძე - პრობლემად რჩება ჭარბი მოსავლიანობა, შემდეგ დაწეული ფასები და ფერმერის გაუგებრობაში ყოფნა, სად უნდა მოხდეს პროდუქტის რეალიზება
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობაში მთავარი გამოწვევა თანამედროვე ტექნოლოგიები და ინფორმაციის ნაკლებობაა. ამის შესახებ ზამბახიძემ პირველ არხს ფერმერთა სათათბიროს გაფართოებულ შეხვედრაზე განუცხადა.
მისი თქმით, ფერმერებთან შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ მოაგვარონ დარგში არსებული პრობლემები და ეს ინფორმაცია ხელისუფლებამდე მიიტანონ.
„რა თქმა უნდა, არ იცვლება გრძელვადიან პერსპექტივაში ის გამოწვევა, რაც არის განათლება, ინფრასტრუქტურის არარსებობა, იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა. ძირითადად, ყველაზე მთავარი გამოწვევა მაინც არის თანამედროვე ტექნოლოგიები და იმ ინფორმაციის ნაკლებობა, რაც ვთქვათ მოსავლის მოყვანას უზრუნველყოფს. კიდევ ერთი პრობლემა და გამოწვევა, ეს არის სარეალიზაციო ბაზრები, ჭარბი მოსავლიანობა ქვეყანაში და შემდეგ უკვე დაწეული ფასები და ფერმერის გაუგებრობაში ყოფნა, სად უნდა მოხდეს პროდუქტის რეალიზება. სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემები და მივიტანოთ ხელისუფლებამდე. ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა როდესაც ასეთი შეჯერებული აზრი არის, ვფიქრობ ,უფრო გასათვალისწინებელია” – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
ფერმერთა სათათბირომ დღეს გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელსაც 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი დაესწრო.
ფერმერთა სათათბირო მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნიკაციო ქსელის მუნიციპალურ დონეზე გავრცელებას, რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით აქტივობების განხორციელებას.
ფერმერთა სათათბირო სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად არის ჩართული, რაც ხელს უწყობს ფერმერთა საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების განხორციელებას.