დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ლიდერ ქალებს, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, საკუთარ კაბინეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ.

დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მიმართა და ამერიკის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა. ზამბახიძემ კი მადლობა გადაუხადა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს და აღნიშნა, რომ ისინი ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში მონაწილეობდა და სწორედ ამ პროექტმა შეუწყო ხელი ბიზნესის განვითარებაში.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ლიდერობით საქართველოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან განვითარდა და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს“, – მიმართა ნინო ზამბახიძემ დონალდ ტრამპს.

„მადლობა, მე ამას ვაფასებ“, – უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.