ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.

ლომჯარიას განცხადებით, 2018 წელს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში, სადაც ცალსახად იყო ნახსენები საქართველოს ციხეებში არსებული ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტი.

კერძოდ, ლომჯარიას განმარტებით, ანგარიშში აღნიშნულია, მე-15 დაწესებულების ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ მოქმედი არაფორმალური ლიდერებისთვის, ე.წ. ციხის მაყურებლებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი, დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ 2018 წელს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში, სადაც ძალიან ცალსახად და ხმამაღლა იქნა ნახსენები საქართველოს ციხეებში არსებული ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტი. კონკრეტულად, პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) აღნიშნავს, რომ ნომერ მე-15 პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებობს განსაკუთრებით სახიფათო, პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე დაფუძნებული ურთიერთობები, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მე-15 დაწესებულების ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ მოქმედი არაფორმალური ლიდერებისათვის, ე.წ. ციხის მაყურებლებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. კომიტეტის აზრით, ამ ფონზე დაწესებულებაში არის გაზრდილი პატიმართა მიმართ  ძალადობისა და დაშინების რისკი“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ვიზიტებს ციხეებში წინ უძღოდა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, კვლევის საკითხების განსაზღვრა და მონიტორინგის ამოცანებთან მისადაგება.

„დაწესებულებაში არსებული შიშისა და ანგარიშსწორების რისკის გათვალისწინებით, ჩვენ შევიმუშავეთ ინფორმაციის მოპოვების იმდაგვარი სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფდა ობიექტური ინფორმაციის მიღებას, ხოლო მეორეს მხრივ პატიმრებს დაიცავდა სავარაუდო ანგარიშსწორების საფრთხისგან. სახალხო დამცველმა მიიღო ყველა ზომა, რათა ვიზიტის შემდგომ გადამოწმებულიყო, ხომ არ ჰქონდა დაწესებულების თანამშრომელთა ან პატიმართა მხრიდან ანგარიშსწორებას, მუქარას ადგილი, იმ პატიმართა მიმართ, რომელთაგანაც მოვიპოვეთ ინფორმაციები. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის შემდეგ პატიმრებზე ანგარიშსწორების ფაქტებს ან მუქარას ადგილი არ ქჰონია. ვაგრძელებთ დავკვირვებას ამ მიმართულებით“ ,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

ამასთან,  საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მონიტორინგისა და მიდევნების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის.

„ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ჯგუფური გასაუბრების დროს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს საცხოვრებელ კორპუსში და ეზოში მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი (სავარაუდოდ კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრები) დაჰყვებოდნენ, რომლებიც სხვა მსჯავრდებულებს გულახდილად საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ თითოეული საკნის „საწევრო“ გადასახადის ეკვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ კი, პატიმრები სიგარეტს არა მაღაზიაში, არამედ „მაყურებლისგან“ ყიდულობენ. მათი ახლობლები თანხას რიცხავენ „მაყურებლების“ მიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშებზე ან სპეციალურად გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა.

„იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პარლამენტი დაარეგულირებს არსებულ პრობლემას და საკანომდებლო ცვლილების გზით დეესკალაციის ოთახში მაქსიმალური მოთავსების ვადა 72-დან 24 საათამდე შემცირდება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

დატოვე კომენტარი