ყველა ზომას ვატარებთ, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ განაცხადა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მივიღეთ უმძიმესი ინფორმაცია, გალში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის – ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. საქმეზე ჩატარდება გამოძიება და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ გარდაცვალების შესახებ გარემოებების დასადგენად. ამასთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცევა. სახელმწიფო მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სამივე თავმჯდომარე მყისიერად იქნა ინფორმირებული ფაქტის შესახებ. ისინი ახლა საქართველოში იმყოფებიან და უახლოეს პერიოდში მათი სოხუმში ვიზიტისას, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.