ნინო გოგუაძე - ლუკ კოფის განცხადებას ახალქალაქში ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე მის პირად მოსაზრებად განვიხილავთ
ნინო გოგუაძე - ლუკ კოფის განცხადებას ახალქალაქში ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე მის პირად მოსაზრებად განვიხილავთ

ლუკ კოფის მოსაზრებებს მისი გულშემატკივრობის პოზიციიდან განვიხილავ, მაგრამ ეს არის ექსპერტის პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარ ლუკ კოფის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტის საქართველოში, კერძოდ კი, ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსებას გულისხმობს.

ექსპერტის ინიციატივის შეფასებისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი ქვეყნებს შორის ოფიციალურ დონეზე არ განხილულა.

„საქართველოს ჰყავს საკმაოდ ბევრი მეგობარი ექსპერტი, რომელიც დროდადრო აკეთებს განცხადებას. ისინი ყოველთვის ცდილობენ, გზები მოძებნონ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტია. ამ შემთხვევაში ექსპერტის განცხადებას, როგორც მის პირად მოსაზრებას ასე განვიხილავთ. შეუძლებელია, ამ ეტაპზე სხვაგვარად შეფასდეს. ეს არ არის ჯერ საკითხი, რომელიც ოფიციალურ დონეზე რაიმე განხილვის საგანი ყოფილიყო. ამიტომ, შეუძლებელია, ამ ეტაპზე უფრო მეტი შეფასება მისცე ექსპერტის კომენტარს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს.

ეს საკითხი ქვეყნებს შორის ოფიციალურ დონეზე არ არის განხილვის თემა. ლუკ კოფის მოსაზრებებს მისი გულშემატკივრობის პოზიციიდან განვიხილავ, მაგრამ ეს არის ექსპერტის პოზიცია. საქართველოს ინტერესში არის, რომ ჩვენი ქვეყანა, უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტად დაცული იყოს, გახდეს ნატო-ს წევრი და საქართველო მიისწრაფის ამისთვის. რა თქმა უნდა, ვეძებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველო იყოს მეტად დაცული ქვეყანა, ნებისმიერი აგრესიისგან“, – განაცხადა გოგუაძემ.

ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი ინიციატივით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, კერძოდ კი, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში სწრაფად რეაგირებისთვის.