ნინო გოგუაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაჭრას დაიწყებს, ქვეყანა სანქციების პირას არის მისული
ნინო გოგუაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაჭრას დაიწყებს, ქვეყანა სანქციების პირას არის მისული

არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ხელს დაიკაპიწებს, რეალური პრობლემების გადაჭრას და მუშაობას დაიწყებს, ქვეყანა სანქციების პირას არის მისული, – ამის  შესახებ საქართველოს პირველ არხს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განუცხადა.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშში გაკეთებული ჩანაწერი ქვეყნისთვის ნეგატიურია.

„ვფიქრობ, რომ ეს უკვე არ არის ის საკითხი, რომ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებდეს. ეს არის ის, რაც ხელისუფლების ქმედებების გამო აზიანებს ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობას და ქვეყანას. ეს არის მკაფიო გზავნილი პარტნიორის მხრიდან და კონკრეტული საკითხები არის მითითებული, რომლის გადაჭრა უნდა მოხდეს, ეს არის მართლმსაჯულება, კორუფცია, მედიის თავისუფლება. ეს ის საკითხებია, რაზეც შიდა პროცესებში მსჯელობა ყოველთვის მიდის. ეს ვერ დარჩებოდა ყურადღების გარეშე დასავლეთის მხრიდან.  ძალიან გამიკვირდება, რომ ამაზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს, რადგან ეს ჩანაწერი დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ ხელისუფლებას ბოლო პერიოდში სრულიად არაადეკვატური შეფასებები აქვს ასეთ განცხადებებზე. ის, რაც მითითებულია დოკუმენტში, მოითხოვს შიდა პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებს, კერძოდ, მართლმსაჯულების სისტემაში. მოლოდინი არ მაქვს, რომ ხელისუფლება ხელს დაიკაპიწებს და რეალური პრობლემების გადაჭრას და მუშაობას დაიწყებს. ქვეყანა სანქციების პირას არის მისული. საუბარია იმაზე, არა თანხა რა რაოდენობაში გამოუხატება, არამედ არის პოზიცია, დამოკიდებულება და ნდობის დაკარგვა პარტნიორის მხრიდან“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.