ნინო გოგუაძე - პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში უმძიმესი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული
ნინო გოგუაძე - პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში უმძიმესი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული

ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში მიღებული აქვთ უმძიმესი გადაწყვეტილებები და დღესაც არა აქვთ პასუხი, თუ რატომ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოგუაძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტი აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ამ გადაწყვეტილებით პარლამენტი ირჩევს როგორც ქვეყნის მართლმსაჯულების, ასევე ამ ქვეყნის მომავალს.

„იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის მნიშვნელობას და განსაკუთრებულობას ყველა ვაცნობიერებთ. ეს არ არის მთავრობის დამტკიცება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, თუ მთავრობამ ვერ გაამართლა, არ არის არც გენერალური პროკურორის არჩევა, არც ცესკო-ს წევრის, არც მისი თავმჯდომარის არჩევა და არ არის კონსტიტუციის ცვლილებაც კი, რომელსაც ასევე შეიძლება ხელახლა დაუბრუნდეს პოლიტიკური გუნდი თუკი ამის საჭიროებას დაინახავს. მოსამართლეების უვადოდ არჩევა არის გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი ვერ შეცვლის, ვერ გამოასწორებს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ უვადოდ ადამიანები, რომლებმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვან ადამიანის უფლებებზე, უნდა დაიცვან ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის უფლება, საკუთრების უფლება, უნდა დაიცვან სახელმწიფოსგან თუ კერძო პირისგან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი არჩევნები. მათ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული როგორი ქვეყანა იქნება, ექნებათ თუ არა იმედი ჩვენს მოქალაქეებს კანონის და სამართლის, ექნებათ უსამართლობის განცდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგას პარლამენტი, ჩვენ თავად ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, როდესაც პროცესი გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ღია, გამჭვირვალე ჩაგვეტარებინა და დაგვესვა ამ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ყველა კითხვა, რომელიც როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე საზოგადოების წევრებს ჰქონდათ. უპირველესი მიზეზი ამისი სწორედ ის იყო, რომ მოსამართლეების არჩევა არ ყოფილიყო დამოკიდებული სასამართლო სისტემაში არსებულ პატარა, მცირე ჯგუფზე და მათ ნება -სურვილზე, არამედ ეს ყოფილიყო გამჭვირვალე, ღია პროცესი. საზოგადოებას დაენახა ვის, რატომ და რა კრიტერიუმებით ვირჩევთ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისივე თქმით, ღია პროცესის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს კიდევ უფრო მეტი და დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს და არგუმენტირებულად ახსნას, რატომ ირჩევს კონკრეტულ ადამიანს უზენაეს სასამართლოში.

„უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან აქვთ ნდობა. მე ვიღებდი მონაწილეობას ამ ღია პროცესში და ყველამ ვიხილეთ, რომ ძალიან მცირე რაოდენობა იმ მოსამართლეების აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში მიღებული აქვთ უმძიმესი გადაწყვეტილებები და დღესაც არა აქვთ პასუხი, თუ რატომ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს. ასევე არ უნდა დაუჭიროს პარლამენტმა მხარი კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ, რომ ეს რაღაცა სისტემის ბრალი იყო, თავიანთ ინდივიდუალურ როლს და მონაწილეობას ამ სისტემის შექმნაში ვერ ხედავენ. ასევე არ შეიძლება მხარი დავუჭიროთ კანდიდატებს, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ სასამართლო სისტემის პრობლემებზე, გამოწვევებზე და მათ ინდივიდუალურ როლზე ამ სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა გოგუაძემ.

მისივე თქმით, იურიდიულმა კომიტეტმა დიდი შრომა გასწია, რომ პროცესი ყოფილიყო ღია და ყველას შესძლებოდა კითხვის დასმა, ახლა მათ რეკომენდაციებზე არის დამოკიდებული პარლამენტი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ვფიქრობ, მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა იყოს ამისთვის, კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და საზოგადების ნდობა, რათა ამ უვადოდ არჩეული მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას არ ჰქონდეს შეკითხვები. სამწუხაროდ, არ გვაქვს დიდი არჩევანი, მე მსმენია განცხადებები, რომ რაოდენობრივად არის საჭირო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა, რათა საქმეებს გაუმკლავდნენ, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, თუმცა საკითხის ასე დასმა შინაარსობრივად და პრინციპულად არ არის სწორი. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ის უნდა იყოს, ვის ვუშვებთ უზენაეს სასამართლოში, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყნის მოქალაქეების ბედი უნდა გადაწყვიტონ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამით უნდა იხელმძღვანელოს იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაციების გაცემისას და თუნდაც ეს იყოს მხოლოდ 3-4 კანდიდატი, ის სწორედ ამ კანდიდატებზე უნდა შეჩერდეს და მხოლოდ ამ კრიტერიუმებით მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დატოვე კომენტარი