დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა და ანგარიში დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარედგინება
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა და ანგარიში დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარედგინება

დეპუტატ ნინო გოგუაძის განცხადებით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხების შესახებ მოკვლევის ჯგუფმა სამუშაო პროცესი დაასრულა და ანგარიში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დღეს ოფიციალურად წარედგინება.

გოგუაძის თქმით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მოკვლევის ჯგუფმა გამოიკვლია, როგორ მუშაობს ანტი-დასავლური დეზინფორმაცია და კამპანია საქართველოში, ასევე როგორია სახელმწიფო პოლიტიკა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ზეგავლენის შესასუსტებლად.

„დეზინფორმაციის და პროპაგანდის მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც აქტიურად მუშაობდა ამ საკითხების შესასწავლად, სამუშაო პროცესი დაასრულა და დღეს ოფიციალურად წარედგინება მოკვლევის ანგარიში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.

ჩვენ ძირითადი ტენდენციები გამოვიკვლიეთ, როგორ მუშაობს ანტი-დასავლური დეზინფორმაცია და კამპანია საქართველოში, როგორ ხორციელდება, რა სუბიექტები დგანან მათ უკან და როგორი არის სახელმწიფო პოლიტიკა ამ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ზეგავლენის შესასუსტებლად“ ,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძის განმარტებით, რეკომენდაციების მომზადების მთავარი მიზანია, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ იმუშაონ კოორდინირებულად, რათა დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა შემცირდეს.

„ჩვენი რეკომენდაციების მომზადების მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ იმუშაონ კოორდინირებულად, რათა დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა შემცირდეს საქართველოში და ჩვენი საზოგადოება დავიცვათ პროპაგანდისტული ზეგავლენისგან. დღეს, საქართველოს მთავრობას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთიანი, კოორდინირებული სტრატეგია და პოლიტიკა არ გააჩნია და იმის მიუხედავად, რომ ანტი-დასავლური დეზინფორმაცია და პროპაგანდა არაერთ სახელმწიფო დოკუმენტში ასახულია, მოხსენებულია, როგორც საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეს ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარირებულ ხასიათს ატარებს“ ,- აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხებზე აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები კოორდინირებულად არ მუშაობენ.

„ჩვენი რეკომენდაციები სწორედ პარლამენტისკენ და მთავრობისკენ არის მიმართული. პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მაკოორდინებელი ფუნქცია და იყოს პლათფორმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“ ,- დასძინა ნინო გოგუაძემ.