ნინო გოგუაძე - პანკისის ხეობაში დაუფიქრებელ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
ძალიან ბევრი პრობლემა ერთმანეთს დაემთხვა და დღევანდელი დღე ამ მოუგვარებელი პრობლემების გამოძახილია,- ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.
„მოვლენები, რომელიც ჩვენ თვალწინ განვითარდა, არ შეიძლება დავუკავშიროთ მარტო ჰესის პრობლემებს. ესაა სახელმწიფოს არათანმიმდევრული და უუნარო პოლიტიკის შედეგი, რომელიც მას ამ კონკრეტულ რეგიონში აქვს. ძალიან ბევრი პრობლემა ერთმანეთს დაემთხვა და დღევანდელი დღე ამ მოუგვარებელი პრობლემების გამოძახილია.
რასაკვირველია, ვერ გავამართლებთ პოლიციაზე თავდასხმას, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეებს ნდობა აქვთ დაკარგული და სახელმწიფო დაუფიქრებლად ატარებს ასეთ ოპერაციას, ამ საშიშ რეგიონში, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“,- აცხადებს ნინო გოგუაძე.
პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.