ნინო გოგუაძე - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ჩვენი ინიცირებულია
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ნინო გოგუაძის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც მან პირველ არხს განუცხადა, ეს არის ფორმატი, სადაც იცვლება ინფორმაცია, ხდება ევროპარლამენტის წევრების ინფორმირება, თუ როგორ სრულდება საქართველოში აღებული ვალდებულებები.
„ვისაუბრეთ თუ როგორ მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, როგორ მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დინამიკა, რა კონკრეტული შედეგები გვაქვს და როგორ აისახება ეს საქართველოს მოქალაქეებზე.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის კონკრეტული სერვისების შეთავაზებას, სავაჭრო, საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაჩენას გულისხმობს. როდესაც ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორ გავაუმჯობესოთ იქ ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან დიდი როლი აქვთ ამ პროცესში. მათ მხარდაჭერას და პრინციპულ პოზიციას.
ჩვენი საპარალამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობს იმისთვის, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს. ჩვენი ინიცირებულია ეს საკითხი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. მთავარია, ევროპარლამენტმა რეზოლუციის მიღებით ცალსახად გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს დღის წესრიგში“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
დღეს ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ევროპარლამენტარებმა იმსჯელეს ქართველ კოლეგებთან და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. პარლამენტარები რეზოლუციას აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ივნისში მიიღებენ.