ნინო გოგუაძე - მიხეილ სააკაშვილის სასაცილო აქტივობა სერიოზულად არავის მიუღია
იმაზე მეტი დრო არ უნდა დავუთმოთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე თუნდაც კომენტარის გაკეთებას, ვიდრე იმსახურებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ ბელგიის ქალაქ ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ამიტომ მისი ეს აქტივობები შემოიფარგლება ერთგვარად მის ცხოვრებაში, პირადი, გასართობი ელემენტებით გამდიდრებას გულისხმობს, რადგან ის არ არის საქართველოს პოლიტიკოსი“, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე აღარ არის აქტუალური ქართული პოლიტიკისთვის.
„ძალიან ბევრი რამ შეიცვალა საქართველოს პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც მან დატოვა ქვეყანა და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ამიტომ ვფიქრობ, იმაზე მეტი დრო არ უნდა დავუთმოთ ამ საკითხებზე თუნდაც კომენტარის გაკეთებას, ვიდრე იმსახურებს. სრულიად არასერიოზული არის ახლა. ვფიქრობ, არც არავის მიუღია სერიოზულად მისი ესე ვთქვათ სასაცილო აქტივობა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.