ნინო ბურჯანაძე - 7 ნოემბრის აქციის დარბევა კატასტროფული შეცდომა იყო
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაკითხეს.
ნინო ბურჯანაძის თმით, 2004 წელს მიიღო ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ზე პოლიტიკური თოქშოუები წყდებოდა.
„როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს მოდიოდა ხელისუფლების მხრიდან. მე ამაზე მქონდა სააკაშვილთან საუბარი. მან მითხრა, რომ ეს თოქშოუები სწევენ ტემპერატურას და მწვავე დებატები მხოლოდ დაძაბავდა ვითარებას. ჩვენ ამაზე ვიკამათეთ და გუნდში მხარი არავინ დამიჭირა.
„რუსთავი 2“ პრაქტიკულად გასართობ არხად გადაიქცა, ასეთივე კონტროლის ქვეშ იყო პირველი არხი. ასევე მახსოვს, სიხშირეებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა „მაესტროს“, მე ჩავერთე პროცესში და მაუწყებლობა აღდგა. ერთადერთი რჩებოდა „ტელეიმედი“ რომელიც არ ემორჩილებოდა ხელისუფლებას. ხელისუფლებაში ვგულისხმობ სააკაშვილს და მისი მარჯვენა ხელი იყო, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბოკერია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ასევე, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მას არ მოეწონა, როდესაც შეიტყო, რომ „ტელეიმედის“ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილთან მართავდნენ.
ბურჯანაძის თმით, განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება გირგვლიანის საქმის გაშუქების შემდეგ.
„ამის შემდეგ გამოითქვა კონკრეტული პირებისგან მოსაზრება, არ ვაპატიებთ პატარკაციშვილსო. უმრავლესობას ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ „ტელეიმედში“ არ მისულიყვნენ. მე როგორც ვიცი, ეს მოდიოდა გიგა ბოკერიასგან. რაც შეეხება აქციის დარბევას, ეს იყო კატასტროფული შეცდომა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქმეზე პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს წარუდგინა. გამოძიება მათ უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.