ნინია კაკაბაძე - ვემხრობი იდეას, რომ დოკუმენტური ფილმები და საგამოძიებო ჟურნალისტიკა გავიდეს გარე წარმოებაში
ვემხრობი იდეას, რომ დოკუმენტური ფილმები და საგამოძიებო ჟურნალისტიკა გავიდეს გარე წარმოებაში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინია კაკაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა ჩატარდეს კონკურსი და მონაწილეობა მიიღონ იმ სტუდიებმა, რომლებიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არიან დაკავებული.
ამასთან, აღნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭო ამ იდეაზე დიდი ხანია მუშაობს და კავშირი არა აქვს სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებულ ფილმთან.
„სამეურვეო საბჭოს წევრი რაც გავხდი, მას შემდეგ დავიწყეთ მუშაობა პროგრამულ პრიორიტეტებზე, მივიღეთ გადაწყვეტილება და მეც ვემხრობი ამ იდეას, რომ დოკუმენტური ფილმები და საგამოძიებო ჟურნალისტიკა გავიდეს გარე წარმოებაში.
პირადად ჩემთვის, ყველაზე მეტი დაცვის მექანიზმი იქნება, თუნდაც მენეჯმენტის კონტროლისგან, რომ მზა პროდუქტი მოვიდეს და განთავსდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამის ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი. უნდა ჩატარდეს კონკურსი და მონაწილეობა მიიღონ იმ სტუდიებმა, რომლებიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არიან დაკავებული. კონკურსი იყოს გამჭვირვალე და გამარჯვებული გამოავლინოს არა დირექციამ, არამედ სპეციალურმა კომისიამ. ვფიქრობ, ეს არის უფრო მისაღები მოდელი. ამ იდეაზე დიდი ხანია ვმუშაობთ და ამას არანაირი კავშირი არა აქვს სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებულ ფილმთან“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფს, რომელმაც გადაიღო ფილმი „სისხლით მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“, სამსახურიდან უშვებენ და სარალიძეს უფლებამოსილი პირებისგან ამ საკითხის გარკვევა სურს.