ირინა ფუტკარაძე - ზაზა სარალიძეს ავუხსენი, რომ პროგრამული პრიორიტეტების პროექტს „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმთან კავშირი არ აქვს
ირინა ფუტკარაძე - ზაზა სარალიძეს ავუხსენი, რომ პროგრამული პრიორიტეტების პროექტს „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმთან კავშირი არ აქვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას, ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს ნესტან ლონდარიძეს ავუხსენი, რომ პროგრამული პრიორიტეტების პროექტს, რომელშიც გადაცემების გარე წარმოებაში გატანაზეა საუბარი, არანაირი კავშირი არ აქვს „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმთან „სისხლით მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მაქსიმალურად ვეცადე, ამეხსნა სარალიძისთვის, რომ არ შეიძლება კავშირი იყოს პროგრამულ პრიორიტეტებსა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით. სარალიძე გულშემატკივრობს გუნდს, რომელმაც ფილმი მოამზადა. ავუსხენი მას და ნესტან ლონდარიძეს, რომ პროგრამული პრიორიტეტები ამ ეტაპზე არის პროექტი. ამ პრიორიტეტებთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და საინიციატივო ჯგუფებს გარკვეული წინადადებები შემოაქვთ. ჩვენ კიდევ გვექნება სამუშაო შეხვედრა სამეურვეო საბჭოში, სადაც ალბათ შევა გარკვეული ცვლილებები და თვის ბოლოს მივიღებთ საბოლოო დოკუმენტს, რომელიც იქნება 2018-2021 წლების პრიორიტებები“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, შეხვედრის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ საკითხი გადაწყვეტილი არ არის და ამ თემას ხორავას ქუჩის საქმეზე გადაღებულ ფილმთან კავშირი არ აქვს.

„ინტერნეტსივრცეში ამოვიკითხე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში რაღაცას აპირებდნენ. დამაინტერესა, ფილმს უკავშირდებოდა თუ არა თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, გაუშვებენ თუ დატოვებენ თანამშრომლებს. იმედია, თვის ბოლოს გადაწყდება და ვფიქრობ, რომ დარჩებიან. შესაძლებელია, ამ ფილმს უკავშირდებოდეს. მარტო მე კი არა, ყველა კმაყოფილია ამ ფილმით. ერთადერთი მტკიცებულებაა იმის, რომ მე პირველივე დღეებიდან, როცა წინააღმდეგობა გავუწიე გამოძიებას, სიმართლეს ვლაპარაკობდი, ამ ფილმმა დაადასტურა ყველაფერი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც დღეს ზაზა სარალიძემ განაცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფს, რომელმაც გადაიღო ფილმი „სისხლით მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“, სამსახურიდან უშვებენ და სარალიძეს უფლებამოსილი პირებისგან ამ საკითხის გარკვევა სურს.