ნინია კაკაბაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი არხის თანამშრომლებთან დაკავშირებით პროცესები იყოს გამჭვირვალე
ნინია კაკაბაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი არხის თანამშრომლებთან დაკავშირებით პროცესები იყოს გამჭვირვალე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ნინია კაკაბაძე, ბესიკ ლილუაშვილი და ქეთევან მსხილაძე პირველი არხის მენეჯმენტს კითხვებით მიმართავენ.

როგორც ნინია კაკაბაძემ დღეს, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კითხვები არის საჯარო და ეხება იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც ახალი სამუშაო პირობები შესთავაზეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროცესი იყო გამჭვირვალე. კითხვები ძირითადად ეხება იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც შესთავაზეს ახალი საკონტრაქტო პირობები, აგრეთვე ვითხოვთ ახალი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას. თუკი ამ თანამშრომლების გათავისუფლება და სხვა ხელშეკრულების პირობებზე გადაყვანა მოხდა ე.წ ტურნიკეტების საფუძველზე, ვითხოვთ სხვა თანამშრომლების შედეგებსაც, როგორია მათი დასწრება და მუშაობის საათები. ექვსი საკითხია, რომლის შესახებაც უახლოეს დროში რაც შეიძლება ჩქარა უნდა გაგვცეს პასუხი მენეჯმენტმა. შევხვდით მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსს და მისგანაც მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს დღეებში წარმოგვიდგენს დეტალურ ინფორმაციას ყველა ამ საკითხზე”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს მხოლოდ სამი წევრი, თუმცა მათ აქვთ უფლება, რომ მენეჯმენტს კითხვებით მიმართონ.

„ვფიქრობ, დანარჩენი წევრებიც შემოგვიერთდებიან, მაგრამ ვინაიდან ისინი დღეს არ იმყოფებიან, ამიტომ მათი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე არ არის”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

რაც შეეხება მენეჯმენტის პოზიციას, როგორც პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, სამეურვეო საბჭოს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება, მოითხოვოს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მენეჯმენტისგან.

„სამეურვეო საბჭოს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მენეჯმენტისგან. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციაა მოთხოვნილი, სამეურვეო საბჭო ამ ინფორმაციას აუცილებლად მიიღებს უმოკლეს ვადებში”, – განაცხადა გვიმრაძემ.